
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველ პოლიციელებს პროვოკაციებში ადანაშაულებს
16/06/2021 17:41:55 კონფლიქტები
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ქართველი პოლიციელები პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. კერძოდ, კოჩიევი ირწმუნება, რომ პოლიციელები ხშირად არღვევენ „საზღვარს" და ამით პროვოცირებენ.
„ქართველი პოლიციელები, როგორც წესი, სამხრეთ ოსეთის საზღვარზე 15-20 მეტრის სიღრმეში შემოდიან და 1-2 წუთის განმავლობაში ჩერდებიან. მესაზღვრეების მიახლოებისთანავე კი საქართველოს ტერიტორიაზე გადადიან. ეს არის გამაღიზიანებელი ფაქტორი სასაზღვრო ჯგუფისთვის და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება“, - განაცხადა ეგორ კოჩიევმა ცხინვალელ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ოსურმა ჯგუფმა ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სოფლების ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღება მოითხოვეს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ბოლო ერთ თვეში ე.წ საზღვრის დარღვევის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი კი სანქციების გარეშე გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან.
პოლიციელების მიმართ კოჩიევის ბრალდების საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევები საოკუპაციო გამყოფ ხაზზე არ დაფიქსირებულა.