ბოკერიას განცხადებით, რუსი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი ითხოვა, შესაძლოა, კვლავ რუსეთში დააბრუნონ
21/06/2021 13:18:28 სამართალი
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი ითხოვა, შესაძლოა, კვლავ რუსეთში დააბრუნონ.
ბოკერიას თქმით, ბოკარევმა წლების წინ რუსეთში ოპოზიციონერი ოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას ღიად დაუჭირა მხარი, საჯაროდ დაგმო რუსეთის პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, რასაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჯერ ფინანსური პრობლემები მოჰყვა, შემდეგ ბიზნესმენს მოსთხოვეს საჯაროდ დაეგმო მისივე განცხადებები, მოგვიანებით, კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.
"მას შემდეგ, რაც ის გირაოთი გაათავისუფლეს, მოახერხა საქართველოში შემოსვლა", - ყვება გიგა ბოკერია.
„უკვე საქართველოში იწყება მთავარი მოვლენები", – აცხადებს გიგა ბოკერია. მისი თქმით, ბოკარევი 9 თვის განმავლობაში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა.
იურისტი მალხაზ პატარაია განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თავდაპირველად უარი უთხრა ბოკარევს თავშესაფარზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს უარი გააუქმა, თუმცა, დეპარტამენტმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციოში.
ბოკარევი და მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ გადაცემის შემთხვევაში იგი წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი აღმოჩნდება.
სააპელაციო სასამართლო სერგეი ბოკარევის საკითხს ხვალ გადაწყვეტს.


