პუტინმა ადამიანის თავის ტვინში მიკროჩიპების ჩანერგვის პროგრამას მხარი დაუჭირა
22/06/2021 09:04:41 მსოფლიო
რუსეთის მთავრობამ თავის ტვინში მიკროჩიპების ჩანერგვის პროგრამის განვითარებაზე 54 მლრდ რუბლი გამოყო.
ფედერალური პროგრამის "თავის ტვინი, ჯანმრთელობა, ინტელექტი, ინოვაციები" პროექტი ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშავდება. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას მხარი დაუჭირა და მეტიც, როგორც რუსული მედია იუწყება, პროგრამასთან უშუალო კავშირი აქვს მის ერთ-ერთ ქალიშვილს.
ახალი ფედერალური პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შესაბამისი კონცეფციის ერთობლივად შემუშავების საფუძველზე შეიქმნა, - წერს "კომერსანტი". პროექტი ითვალისწინებს, მათ შორის, ნეიროინტერფეისების ტექნოლოგიების განვითარებას, რაც თავის ტვინის ელექტროსიგნალების მეშვეობით გარე მოწყობილობების უშუალო მართვას გულისხმობს.
მაგალითად, იგეგმება "ადამიანი-ტექნიკის" ინტერფეისების შექმნა თვითმფრინავების, მანქანებისა და ატომური ელექტროსადგურების სამართავად, ასევე "მიზნების დამოუკიდებელი დასახვისთვის, ვითარების დამოუკიდებლად შეფასებისთვის, სიტუაციის დამოუკიდებლად პროგნოზირებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისთვის" - ციტირებს "კომერსანტი" პროგრამულ დოკუმენტს.
პროექტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა დაანონსებული.
როგორც რუსულ გამოცემა "კომერსანტს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, პროექტი ჯერ ადრეული შემუშავების სტადიაშია.
მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროექტებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პუტინის ქალიშვილი ეკატერინა ტიხონოვა კურირებს. 2018 წლის დეკემბერში იგი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში: რუსმა ტელემაყურებელმა ტიხონოვა სახელმწიფო ტელევიზიის სიუჟეტში იხილა, რომელიც მისი კუთვნილი ინსტიტუტის - "ინნოპრაქტიკის" ნეიროცენტრის მუშაობას ეძღვნებოდა. საუბარი იყო ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც, სიუჟეტის თანახმად, შესაძლებლობას იძლევა, თავის ტვინის ელექტროსიგნალების კონტროლის მეშვეობით ადამიანის ქვეცნობიერი დაპროგრამდეს.


