შს მინისტრი – ესებუაზე: „ოპერატიული ინფორმაციით, ქვეყანა არ დაუტოვებია და იმედია, სწორი ინფორმაციაა“
23/06/2021 08:43:58 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ძებნაში მყოფი ბადრი ესებუას საქართველოს საზრვრები არ გადაუკვეთავს.
"ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – ღირსების თემაა! ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად. ვისაც უნდა ყველა ძალიან ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რატომღაც შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, არ ვიცი. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის", - თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.


