
გელათი ვიზიტორებისა და მედიისთვის დაიხურა
23/06/2021 10:22:58 რეგიონები, საზოგადოება
დღეიდან 30 ივნისამდე გელათის მონასტერში კულტურის სამინისტროს მოწვევით ევროპელი ექსპერტები იმუშავებენ, მონასტერი კი ერთი კვირით დაკეტილია როგორც მოქალაქეებისთვის, ისე მედიის წარმომადგენლებისთვის.
კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ექსპერტებმა, რომლებიც საქართველოში იუნესკოს რეკომენდაციით ჩამოვიდნენ ძეგლის შესასწავლად, მედიასთან შეხვედრა არ ისურვეს, ამიტომ არაუფლებამოსილია, მათი ვინაობა და კვალიფიკაცია დაასახელოს.
კახა სიხარულიძე არ ასახელებს სპეციალისტების რაოდენობასაც და დასძენს, რომ "ყველაფერს თავის დროზე გაახმაურებენ".
კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი მონასტრის რეკონსტრუქციისა და გადახურვის პროცესში შექმნილ ხარვეზებზე ექსპერტების დასკვნას საქართველოდან წასვლის შემდეგ გადმოგზავნიან.
„მას შემდეგ, რაც ზუსტი დიაგნოზი დაისმება, ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში“, - განმარტავს კახა სიხარულიძე.
მონასტრის დახურვა სპეციალისტების მუშაობის მოტივით, მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილისთვის. მისი მოსაზრებით, გამჭვირვალობისთვის აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურის გარდა, სამუშაოების წარმოებაზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდეთ მედიას და იმ ორგანიზაციას, რომელიც გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესებზე ერთი წელია აქტიურად საუბრობს.
თემის კომენტირებისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"რატომ არ არის მედია დაშვებული გელათის ტერიტორიაზე? იმიტომ, რომ მაგალითისთვის როდესაც მე გახლდით პარლამენტის წევრი, მედია არ მაძლევდა მუშაობის საშუალებას და მუდმივად მქონდა განცდა, რომ ვარ არა დეპუტატი, არამედ დაკვირვების ქვეშ მყოფი ზღვის გოჭი".
გელათის სამონასტრო კომპლექსი "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. მონასტრის ტაძრებში საუკუნოვანი მონუმენტური ფერწერის ნიმუშების დაზიანების გამო, 2014 წელს დაიწყო მათი გადახურვა. ჩატარებული 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, 2019 წელს ახალდაგებულ კრამიტში წვიმის წყალმა გაჟონა და ფრესკები დასველდა. ამის შემდეგ ძეგლის დროებით, თუნუქის სახურავით გადახურეს.
ინფორმაციას, გელათის მხატვრობის დაზიანების შესახებ, სისტემატურად ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა მასიში განაცხადა, რომ შესაძლოა, გელათის სამონასტრო კომპლექსში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანებული ფრესკების ნაწილი სრულყოფილად ვეღარ აღდგეს.