Accentnews.ge
საქართველოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული პატიმარი წამებაზე საუბრობს და თბილისს სთხოვს, მისი მკვლელობის „ლიცენზია“ არ გასცეს

საქართველოს მიერ რუსეთისთვის გადაცემული პატიმარი წამებაზე საუბრობს და თბილისს სთხოვს, მისი მკვლელობის „ლიცენზია“ არ გასცეს

24/06/2021 10:42:42 სამართალი

საქართველოდან რუსეთში ორი წლის წინ ექსტრადირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების 29 წლის სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი რუსულ ციხეში განცდილ წამებაზე საუბრობს. შესაბამისი წერილი დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და სახალხო დამცველის აპარატს წარედგინება. ამ მიზნით რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადვოკატის ვალერ შუხარდინის ამჟამინდელი ამოცანაა, დაარწმუნოს ქართული მხარე, არ დაეთანხმოს რუსეთში ექსტრადირებული პირისთვის ბრალის დამძიმებას.

საქმე იმაშია, რომ თავის დროზე სუბაევს რუსეთში ჰაკერული დაჯგუფების შექმნას და თაღლითობას ედავებოდნენ და ამავე საქმის საფუძველზე განხორციელდა 29 წლის სპეციალისტის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიცია, თუმცა ამჟამად მისთვის საგამოძიებო კომიტეტს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის ორგანიზებისთვისაც სურს ბრალის წარდგენა. ამისთვის კი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, მათ იმ ქვეყნის ნებართვა ესაჭიროებათ, საიდანაც პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამავე მოთხოვნით რუსულმა მხარემ ქართულს ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში მიმართა, თუმცა როგორც „აქცენტს“ სუბაევის ქართველი ადვოკატი ვანო ნორაკიძე ეუბნება, საქართველოდან პასუხი ჯერ არ გაუციათ. დაკავებულის ინტერესების დამცველები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის პროკურატურის პირობას ენდო, რომ პატიმარი ღირსების შემლახველ მოპყრობას არ დაექვემდებარებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, არ დაეთანხმოს მოთხოვნას, რაც მათი შეფასებით, სასიკვდილო განაჩენი იქნება.

„გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში დასაბუთებულია, თუ როგორ ირღვევა რუსეთის მიერ საქართველოსთვის მიცემული გარანტია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში პატიმრის ექსტრადიციის შემდეგ დაცული იქნებოდა ფუნდამენტური უფლებები: მას ექნებოდა სამართლიანი სასამართლო, ციხეში ადამიანური პირობები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ მისცეს თანხმობა დამატებითი ბრალის წარდგენის საკითხში, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს“,– აცხადებს ადვოკატი ვანო ნორაკიძე.

ადვოკატის მიერ ნახსენებ წერილში წერია, რომ „ყველა კამერა, სადაც სუბაევი იმყოფებოდა, დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე განათებულია ორი ძლიერი პროჟექტორით, რომელიც თვალების ძლიერ ტკივილს იწვევს. ამგვარი სინათლის ძლიერი ზემოქმედების შედეგად ირღვევა ცხოვრების ყოველდღიური რიტმი. სუბაევის კამერაში 10 წუთის გატარების შემდეგ იწყება ძლიერი თავის ტკივილი და თვალების დაძაბულობა“.

ამასთან, როგორც ირკვევა, ძლიერი ტკივილების გამო სუბაევმა საპატიმროს სამედიცინო განყოფილებას ჯერ კიდევ მარტში მიმართა, თუმცა თერაპევტს ის ამ დრომდე არ მოუნახულებია, არ დაუსვამს დიაგნოზი, არ დაუნიშნავს მკურნალობა.

სუბაევი ყვება, რომ მის მიმართ ადგილი აქვს დამამცირებელ მოპყრობას, ხშირად აშიშვლებენ დაუსაბუთებელი მოთხოვნებით, არ აქვს ადვოკატთან პრივატული გასაუბრების და ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

წამების მოლოდინი

საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის მოლოდინშია რუსი ბიზნესმენი სერგეი ბოკარევი, რომელსაც არ სურს, სუბაევის გამოცდილება გაიზიაროს.

ბოკარევი ყვება, რომ წარსულში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციას აფინანსებდა, ღიად გმობდა კრემლის პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, რასაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჯერ ფინანსური პრობლემები მოჰყვა, შემდეგ ბიზნესმენს მოსთხოვეს, საჯაროდ დაეგმო საკუთარი განცხადებები, მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყეს.

სერგეი ბოკარევი საქართველოში გირაოს საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ – 2018 წელს ჩამოვიდა, თუმცა ის რუსეთის ფედერაციის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. შემდეგ ბოკარევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, რაზეც უწყებამ უარი უთხრა.

სერგეი ბოკარევის ადვოკატი მალხაზ პატარია ამბობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა შსს-ს უარი და საკითხი ხელახალი განხილვისთვის უწყებაში დააბრუნა, თუმცა შსს-მ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამჟამად ბიზნესმენი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდნშია და შიშობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას სამართლიანი სასამართლოს ნულოვანი შანსი აქვს, შესაბამისად, 10–წლიან სასჯელს მიიღებს, ციხეში კი რუსული პრაქტიკის თანახმად, წამებას დაექვემდებარება.

ქართული პრაქტიკა

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთს სულ მცირე, 10 პირი გადასცა, მათ შორის არიან აზერბაიჯანის მოქალაქე თეიმურაზ ღარიბოვი და რუსეთის მოქალაქეები – მაქსიმ ფატეევი და კურბან ომაროვი. თუმცა ქვეყანაში განსაკუთრებული პროტესტი და დაბნეულობა მოჰყვა 2019 წლის მოვლენებს: სუბაევის რუსეთში ექსტრადიციამდე ერთი თვით ადრე – 2019 წლის სექტემბერში ქართველმა სამართალდამცველებმა რუს კოლეგებს ჩეჩენი რამზან ახიადოვი გადასცეს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

აქტი ოფიციალური თბილისის მიდგომის ცვლილებად იმთავითვე შეფასდა. საქმე იმაშია, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2005 წელს რუსეთს 13 ჩეჩენი გადასცა. ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკული გადაწყვეტილებაც საქმეზე – „შამაევი და 12 პირი საქართველოს წინააღმდეგ“. „ქეისი“ ამ დრომდე ფასდება პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობად და ამ სამწუხარო გამოცდილების შემდეგ, მით უფრო, რომ ცნობილია რუსეთში მართლმსაჯულების მსუბუქად რომ ვთქვათ, პრობლემები, განსაკუთრებულად დაუნდობელი დამოკიდებულება განსხვავებული პოზიციის მქონე ჩრდილოკავკასიელების მიმართ (წამება, მკვლელობა, გაუჩინარება), ქართული მხარე, მართალია, რიგ შემთხვევებში (თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად), უარით ისტუმრებდა ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებს, რომლებიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდნენ, მაგრამ არც რუსეთს პასუხობდა დადებითად ექსტრადიციის მოთხოვნაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ახიადოვის სკანდალური „ქეისით“ საკუთარ თავთანაც კი მოვიდა წინააღმდეგობაში იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრი თეა წულუკიანი. კერძოდ, სწორედ შამაევის საქმე გაიხსენა წულუკიანმა, როდესაც რუსეთის მიერ კიდევ ერთ ძებნილ ახმედ ჩატაევზე საუბრობდა 2012 წელს: „ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მსგავსი ეთნიკური წარმოშობის პირს ვერ გადავცემთ რუსეთს. ამ პირის მიმართ თავის დროზე უკრაინას ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ რუსეთისთვის არ გადაეცა. ჩვენ გვაქვს მწარე მაგალითი ჩეჩნების საქმისა - „შამაევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, როდესაც საქართველო მკაცრად დაისაჯა იმისთვის, რომ 5 ჩეჩენი ე.წ. ბოევიკი გადასცა რუსეთს. ჩვენ მსგავსი ტიპის შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და ჩატაევი რუსეთში ჩვენი ხელით არ დაბრუნდება. ეს გამორიცხულია“. მინისტრს უკვე 2019 წელს საკუთარი პოზიციონირება აღარ „გახსენებია“ და ირწმუნებოდა, რომ რუსეთისთვის უარის თქმის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამჟამად ჩვენთვის უცნობია ახიადოვის ბედი, მისმა ქართველმა ადვოკატმა კი ჟურნალისტებთან კომუნიკაცია ექსტრადიციის შემდეგ შეწყვიტა.

ამდენად, ამჟამად თბილისის მიდგომა ბუნდოვანია, ხოლო დევნილებს მეზობელი ქვეყნიდან მოუწევთ დაფიქრება საქართველოს საიმედოობასა და რეჟიმისგან თავის დასაღწევად ალტერნატიული გზების ძიებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S