
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს
24/07/2019 08:02:36 სხვა, სამართალი
პროკურატურამ TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრალდების დადგენილება გამოიტანა,– ამის შესახებ განცხადება გენპროკურატურაში გაკეთდა. საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს ეხება.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)",– აცხადებენ პროკურატურაში.
ამასთან, პროკურატურისვე ცნობით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
"საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე",– აცხადებენ პროკურატურაში, თუმცა არ აზუსტებენ, კონკრეტულად რომელ სახეს მოითხოვს სახელმწიფო ბრალდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021