
შავ ზღვაში NATO-ს წვრთნების პარალელურად, რუსეთმა საზღვაო ფლოტის სწავლება გამართა
01/07/2021 10:56:18 მსოფლიო
შავ ზღვაში NATO-ს წვრთნების პარალელურად, რუსეთმა საზღვაო ფლოტის სწავლება გამართა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული სადესანტო ხომალდების ეკიპაჟმა საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი პირობითი საზღვაო და საჰაერო სამიზნეების მიმართულებით გახსნა. გარდა ამისა, დიდმა სადესანტო ხომალდებმა მცურავი ნაღმების მაკეტები გაანადგურეს. ასევე, სამხედრო ვერტმფრენებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს პირობითი მტრის წყალქვეშა ნავების ძებნისა და აღმოჩენის მიმართულებით.
ამასთან, ორი დღის წინ, რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ანტისაჰაერო სისტემა გამოსცადა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური სწავლების „Sea Breeze 2021“-ის პარალელურად განხორციელდა. წვრთნები 28 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება. მასში NATO-ს წევრი და მოკავშირე 30 ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 სამხედრო ხომალდი და 40 საფრენი აპარატი მონაწილეობს.