
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "შავ ზღვაში შემოსული იტალიის ფრეგატის ქმედებებს ვაკონტროლებთ"
01/07/2021 11:27:22 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს შავ ზღვაში იტალიის ფრეგატი "Virginio Fasan CGN" შევიდა.
"იტალიური ხომალდის ქმედებებს ვაკონტროლებთ", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
ფრეგატი NATO-ს წვრთნებში იღებს მონაწილეობას, რომელიც შავ ზღვაში 28 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდება.
NATO-ს წვრთნების პარალელურად, რუსეთმა საზღვაო ფლოტის სწავლება გამართა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული სადესანტო ხომალდების ეკიპაჟმა საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი პირობითი საზღვაო და საჰაერო სამიზნეების მიმართულებით გახსნა. გარდა ამისა, დიდმა სადესანტო ხომალდებმა მცურავი ნაღმების მაკეტები გაანადგურეს. ასევე, სამხედრო ვერტმფრენებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს პირობითი მტრის წყალქვეშა ნავების ძებნისა და აღმოჩენის მიმართულებით.
ამასთან, ორი დღის წინ, რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ანტისაჰაერო სისტემა გამოსცადა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური სწავლების „Sea Breeze 2021“-ის პარალელურად განხორციელდა. მასში NATO-ს წევრი და მოკავშირე 30 ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 სამხედრო ხომალდი და 40 საფრენი აპარატი მონაწილეობს.