
რუსეთი აფხაზეთს "სარატოვის" მაცივრების აწყობასა და სირია-ირანში ექსპორტს სთავაზობს
01/07/2021 13:28:49 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, "სარატოვის" მაცივრების ამწყობი ქარხანა გაიხსნას. როგორც ჟურნალისტებს სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ბესლან ეშბასთან შეხვედრის შემდეგ "სარატოვის ელექტროაგრეგატების მწარმოებელი გაერთიანების" დირექტორმა არტურ თემიროვმა განუცხადა, საწარმო აფხაზეთიდან პროდუქციის ექსპორტშიცაა დაინტერესებული.
თავის მხრივ, ეშბამ აღნიშნა, რომ აფხაზურ მხარეს გააჩნია პროდუქციის რეექსპორტის შესაძლებლობა, მაგალითად, სირიაში, რომელთანაც აფხაზეთი ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობს.
"შესაძლებელი იქნება სოხუმის პორტიდან პროდუქციის გატანა ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, მაგალითად სირიასა და ირანში, რომლებიც დიდი ბაზრით გამოირჩევიან და სანქციებს ექვემდებარებიან. აფხაზეთის მიმართ ინტერესი მისი სამართლებრივი სტატუსითაცაა განპირობებული. ეს ხომ არაღიარებული რესპუბლიკაა, მასში ინვესტირება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, მეტს არავის», – განაცხადა რუსული დელეგაციის წევრმა, რუსული კონსალტინგური კომპანია "ბრიიკსის" ხელმძღვანელმა იური პუჟალინმა.
თუმცა თავად აფხაზეთის მოსახლეობა მაცივრების წარმოების ინიციატივას სკეპტიკურად ეკიდება.
«ჯერ საკასო აპარატები შემოვიღოთ და გუდაუთის საბრალო ტომოგრაფი შევაკეთოთ! ვიყოთ რეალისტები!», – წერს Telegram-არხი «Абхазия-центр».