"ამ დროისთვის 12 პირია დაკავებული, პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს"
01/07/2021 16:43:43 სამართალი
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით ამ დროისთვის 12 პირია დაკავებული. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.
„ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ასევე პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ამ დროისთვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება, პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა გასცდნენ კანონის მოთხოვნებს. მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ ჩაერევიან პოლიციის საქმიანობაში, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პოლიცია დაიცავს კანონს და სრულად შეასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის: "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობს. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ფილმის ჩვენებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი ესწრებიან.
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.


