„თავს იცავდა“ – ქალს 8–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
02/07/2021 11:43:31 სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მკვლელობისთვის დაკავებულ 39 წლის ქალს თავისუფლების 8 წლით და 10 თვით აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, მანამდე კი ქალის ოჯახის წევრებმა თელავის რაიონულ სასამართლოსთან აქცია გამართეს. მათი ვერსიით, ხალილა ხუბანოვა ნათესავისგან ძალადობის მსხვერპლი იყო და შემთხვევისას აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა..
“ჯერჯერობით, დასაბუთებული განაჩენი არ ჩაგვბარებია, თუ რატომ არ უნდა მიეჩნია სასამართლოს ჩვენი არგუმენტები უფრო სანდოდ და რატომ დატოვა განზრახ მკვლელობის მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ხაილა ხუბანოვა მკვლელობის დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და განაჩენს სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ”, — განუცხადა ხუბანოვას ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა “მთავარ არხს”.
ხაილა ხუბანოვა გასული წლის ოქტომბერში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი, 1984 წელს დაბადებული ი.ხ.


