აფხაზური ენერგეტიკა — კრახის ზღვარზე: «დავუთმობთ დარგს რუსებს? - მყისიერად დავკარგავთ სახელმწიფოსაც»

02-07-2021 16:02:53 კონფლიქტები

აფხაზური ენერგეტიკა კრახის ზღვარზეა. ამ დასკვნამდე მოსახლეობა ჯერ კიდევ წლების წინ მივიდა, როცა დენის ე.წ. მარაოსებრი გათიშვები ნორმად იქცა. თუმცა ახლა საბოლოოდ გაცხადდა, რა უძღოდა ამას წინ და რატომ იქცა ენერგოკრიზისი აფხაზეთისთვის ერთგვარ ათვლის წერტილად.

დაახლოებით სამი თვის წინ სოცქსელებში გაჟონა დოკუმენტმა, რომელშიც აფხაზური ენერგეტიკის გაყიდვის კონკრეტული თარიღი იყო მითითებული. კრემლიდან ჩამოშვებულ «პირველხარისხოვანი ამოცანების» ჩამონათვალში ამის შესახებ ღიად, ბუნებრივია, არაფერია ნათქვამი, თუმცა აფხაზეთში ყველა მიხვდა, საიდან და, რაც მთავარია, საით უბერავს ქარი. და თუ წინა წლებში იძულებულები ვიყავით, ჩვენს ეჭვებზე კულუარულად გვესაუბრა, ახლა სიტუაცია შეცვლილია. საქმეში ჩაერთვნენ პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც ღიად დაარქვეს ყველაფერს თავისი სახელი და ის საკვანძო მიზეზიც მიუთითეს, რომელმაც რესპუბლიკის ენერგეტიკა ესოდენ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა.

თავისი არგუმენტები დეპუტატებმა 1 ივლისს საბიუჯეტო, საკრედიტო ორგანიზაციების, გადასახადებისა და ფინანსების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე წარმოადგინეს, რომელსაც ძალოვანი უწყებების — შსს-სა და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერი/ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და კომპანია «ჩერნომორენერგოს» ხელმძღვანელი მიხეილ ლოგუაც ესწრებოდნენ.

პარლამენტარების ინფორმაციით, რესპუბლიკის ენერგეტიკის ნგრევის მცდელობები მრავალი წლის წინ დაიწყო და მთავარ მიზეზად იქცა დამატებითი ელექტროენერგიის შემოდინება რუსეთიდან, რომელსაც იგი ზამთრის კრიზისულ თვეებში ახორციელებდა. თავდაპირველად მცირე მოცულობებზე იყო საუბარი, თუმცა შემდეგ ყოველ ჯერზე ენერგომოხმარება იზრდებოდა და შესაბამისად, რუსეთიდან მოწოდებებიც მატულობდა. თუ 2012 წელს რუსული «დახმარებისთვის» ვალი მიზერული იყო, სადღაც 2016 წლისთვის ვითარებამ გაუარესება დაიწყო.

«ციფრები, როგორც ცნობილია, ჯიუტი რამაა და ისინი იმაზე მეტყველებს, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017-ში მოხმარება მხოლოდ 4,04%-ით იყო გაზრდილი, 2017-2018 წლების პერიოდში საერთოდაც 4,06%-ით შემცირდა, ანუ აფხაზეთი მისთვის განსაზღვულ კილოვატ/საათებში «ჩაეტია», 2019-ში კი ზღვარს უკვე 7%-ით გადააჭარბა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო კრიტიკული ვითარება. აი, 2020-ში ეს ციფრი უკვე 10-ჯერ გაიზარდა და 400 მლნ კილოვატ/-სთ-ს გადასცდა», - აცნობა კოლეგებს დეპუტატმა დიმიტრი არძინბამ.

ყოველწლიურად, თებერვალ-მარტში აფხაზეთი რუსეთიდან დამატებით ელექტროენერგიას იღებდა. ამაში რესპუბლიკამ 2016 წლიდან სტრატეგიულ პარტნიორს მილიარდ რუბლზე მეტი გადაუხადა. თუმცა არაერთხელ გამოუჟონია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რეალურად, ამ ელექტროენერგიაში რუსეთს ფულს ქართული მხარე უხდიდა.

«ჩვენს ქვეყანას, რომელიც ისედაც ძლივს სუნთქავს და აქამდე მეტ-ნაკლებად რუსეთის ფინანსური დახმარებით გაჰქონდა თავი, მოსკოვისთვის ასობით მილიონი რუბლის გადახდა უწევდა. ამასთან, ქართველები ასევე უხდიდნენ რუსებს ელექტროენერგიის ამ შემოდინებებში. ეს ან ბოდვაა, ანდაც რუსები ყველაზე ცბიერი კომერსანტები არიან. ვფიქრობ, მეორე ვარიანტი უფრო შეესაბამება სიმართლეს. გამოდის, სანამ ჩვენ გვეხმარებოდა, რუსეთი ფულს ჭრიდა როგორც აფხაზებისგან, ისე ქართველებისგან. ასეთი «დახმარება» გამოდის — ორმაგი ტარიფით!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ნელი.

2020 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო ყოველ ჯერზე ცდილობდა მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ რესპუბლიკის ენერგეტიკის გადარჩენა არ შეეძლო. რიგმა დეპუტატებმა პროფილურ უწყებას სამომავლოდ რუსებისთვის გადასაცემად დარგის მიზანმიმართულ განადგურებაში დასდეს ბრალი.

«მყარი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რიგ მაღალჩინოსნებს ჩვენი ენერგოსისტემის მიზანმიმართული განადგურება სურთ. და თქვენ, კრისტინა ოზგან, წამყვანი ადგილი გიკავიათ ამ დივერსიულ ჯგუფში, რომელიც ჩვენი ენერგოსისტემის ჩამოშლას ცდილობს მისი რომელიმე ბიზნესმენისთვის გადასაცემად და აფხაზეთის ამ სტრატეგიული დარგის გარეშე დასატოვებლად», - მიმართა სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს დეპუტატმა დიმიტრი არძინბამ.

თავად მინისტრი ცდილობდა, ბრალდებები უარეყო და თავი ემართლებინა, თუმცა კონკრეტული ციფრების გასაბათილებლად ხელთ დიდად არაფერი აღმოაჩნდა. განსაკუთრებით — როცა დეპუტატებმა კრისტინა ოზგანს რუსეთის ელჩის — ალექსეი დვინიანინის ამასწინანდელი განცხადება შეახსენეს იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, მათ შორის კრისტინა ოზგანმა რუსეთთან «ყველაფერი უკვე წარმატებით შეათანხმეს» და ახლა რჩება მხოლოდ აფხაზური პარლამენტი, რომელიც «ენერგეტიკის შესახებ» კანონის შეცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ოზგანმა დიდხანს და ვრცლად ისაუბრა მრიცხველებზე, გადამცემ ხაზებზე და ა.შ., ბოლოს კი განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ბოლო გადმოდინებისთვის აფხაზეთი რუსეთს კაპიკსაც არ გადაუხდის. «2016-დან 2020- წლის ჩათვლით განხორციელებული გადმოდინებებისთვის აფხაზეთმა საინვესტიციო პროგრამის ხარჯზე 1 მილიარდ რუბლზე მეტი გადაიხადა. 2020 წლიდან დღემდე გადმოდინების ჯამურმა მოცულობამ 1 მილიარდ კილოვატ/საათს გადააჭარბა. არავითარი ვალდებულება, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადაუხადოს, აფხაზეთს ამ დროისთვის რუსეთის წინაშე არ აქვს», - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და ამ სიტყვებით გამოცდილი სპეციალისტებიც კი გააკვირვა: აქამდე ხომ იგივე კრისტინა ოზგანი საპირისპიროს ამბობდა, კერძოდ, აცხადებდა, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განხორციელებული გადმოდინებისთვის აფხაზეთს რუსეთის წინაშე 2 მილიარდ რუბლზე მეტი ჰმართებდა. როცა მინისტრს მისივე სიტყვები შეახსენეს, ოზგანმა დააზუსტა: «რუსეთს ჯერ აფხაზეთისთვის ანგარიში არ წარუდგენიაო».

თუ წინა წლებში სტრატეგიული პარტნიორი აფხაზეთისთვის მის მიერვე «კეთილშობილურად» გამოყოფილი თანხებიდან გადადინებების საფასურს იღებდა, ახლა რატომ არ გააკეთა იგივე? - დამეთანხმებით, საკმაოდ უცნაურია. იქნებ საქმე იმაშია, რომ რუსები უბრალოდ ელოდებიან, როდის მიართმევენ აფხაზები ლანგრით თავის სტრაგეგიულ დარგს?» - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე მაქსიმი.

«რას უკავშირდება რუსების ეს მოულოდნელი «ხელგაშლილობა»?! ვითომ რის გამო გვაპატიებენ მილიარდიან ვალს?! გამოდის, ამაში იყო საქმე! რუსები გვაწვდიან ელექტროენერგიას, რომლის საფასურის გადახდა არ შეგვიძლია. ვალს დაფარვა უყვარს და რაკი აფხაზეთს ფული არ აქვს, მოგვიწევს, საკუთარი ენერგოსისტემით გადავუხადოთ. ალბათ, ამას რუსები წლების განმავლობაში ელოდნენ და ახლა ჩვენი ხელმძღვანელობის დახმარებთ საწადელს მიაღწევენ», - თვლის ჩვენი რესპონდენტი რამინი.

აფხაზეთის ისტორიის განმავლობაში პირველად, ელექტროენერგიის შეწყვეტა ზაფხულშიც დაიწყეს, თანაც გაგანია ტურისტულ სეზონზე. როგორც ჩანს, «კრიპტოსამოთხის» შექმნის მცდელობისას, მაინინგ-ფერმების მოქმედების ხან აკრძალვის, ხან დაშვებისას აფხაზეთის ხელმძღვანელობა და პროფილური უწყებები არ დაფიქრებულან იმაზე, რა შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ამ თამაშებმა. სპეციალისტების აზრით, სამომავლოდ ვითარება მხოლოდ გაუარესდება, რადგან აფხაზურ სახელმწიფოს უკვე კოლოსალური ზიანი მიადგა. ესე იგი, ეროვნული სტრატეგიული რესურსის გადასარჩენად აუცილებელია რიგი არქიმნიშვნელოვანი არაპოპულარული რეფორმების განხორციელება. დრო კი ძალიან ცოტა რჩება: რუსებმა უკვე მოგვინიშნეს გადაწყვეტილების მიღების თარიღი - 1 ივლისი, ეს ვადა ამოწურულია და მაქსიმუმ, ერთ-ორ კვირაში მათ პასუხი უნდა გავცეთ.

დეპუტატები დაიშალნენ გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეიკრიბონ ენერგეტიკაში შექმნილი სავალალო მდგომარეობის განსახილველად. თუ შემდეგი შეხვედრისთვის სპეციალისტები ვითარების შესაცვლელად აუცილებელი ნაბიჯების ოპერატიულ გეგმას არ წარმოადგენენ და გამოსავალს ვერ იპოვიან, პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს. «თუ თქვენს ბულდოზერებს არ ძალუძთ ნორმალური ქვეყნისწ მშენებლობის გზაზე არსებული წინაღობების დაშლა, ჩვენი ბულდოზერები ამას ორ წამში გააკეთებენ!», - განუცხადა სხდომის დასასრულს მთავრობის წარმომადგენლებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატალი სმირმა.

რაოდენ რთული და მძიმე მდგომარეობაც არ უნდა იყოს, მოსახლეობას ეროვნული სტრატეგიული რესურსის გაყიდვის გაგონებაც კი არ სურს. გინდაც ხელისუფლება უკვე მოლაპარაკებული იყოს რუსებთან და გამიზნულად ანგრევდეს დარგს, რათა იგი საბოლოოდ რუსეთის გაუმაძღარ ხელში აღმოჩნდეს, აფხაზი ხალხი ამას არ დაუშვებს. რატომ? - იმიტომ, რომ ენერგეტიკის კვალდაკვალ მაშინვე დავკარგავთ საკუთარ სახელმწიფოებრიობას.

კრისტინა ავიძბა

________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები