Accentnews.ge
"აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა დღეს ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი"

"აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თუმცა დღეს ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი"

24/07/2019 12:01:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიავილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყველა მინუსთან ერთად, ამოსუნთქვის საშუალებაც მისცა, თუმცა სადღეისოდ ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი.  

"აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს "დაჩმორება" იოლი არ იქნებოდა.

დღეს უკვე ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და "ქართული ოცნების" უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. 

უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.

აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - "რუსთავი 2" დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს",– აცხადებს შოთა უტიაშვილი. 

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ TBC–ს დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიესა და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსკ–ის 194–ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. 

აღნიშნული ქმედება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა, ან ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას. საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაციას ეხება, რომელზეც გამოძიება გასული წლის აგვისტოში დაიწყო.  მედიაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომლის წყაროდაც პროკურატურა სახელდება, პრობლემები შეუქმნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საქმეს: მოგეხსენებათ, ანაკლიის განვითარების კონცორციუმს პორტის მშენებლობისთვის თანხები ჰქონდა მოზიდული და 2019 წლის მაისში ან ივნისში უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულებები, თუმცა ფულის გათეთრების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, კითხვები გაუჩინა დამფინანსებლებს და მათ სახელმწიფოსგან რიგი გარანტიები მოითხოვეს, რის შესახებაც შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. რიგი კომენტატორები პროცესის უკან სწორედ ანაკლიის პორტის საკითხს ხედავენ. მათი განმარტებით, პორტის მშენებლობა არ შედის რიგი მეზობელი ქვეყნების, უპირველესად, რუსეთის ინტერესებში. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ელის პროექტს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა და გავრცელდა ინფორმაცია მისი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის თაობაზე. 

რაც შეეხება "რუსთავი 2"–ს, ქართულმა სასამართლომ ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგმა კი არხის საჩივარში დარღვევები ვერ დაადგინა. არხზე პრეტენზიას აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილიც. ჟურნალისტები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. 

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის პროპაგანდისტული გზავნილი ამჯერად ლათინო-ამერიკულ მედიასთან და ტელეარხ „რაშა თუდეისთან“ გაჟღერა. კერძოდ, მან  საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში დასავლეთს დაადანაშაულა. 

მისი თქმით, დასავლეთი, უპირველესად, აშშ ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ფედერაციას. ლავროვმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ ქართულ ჯარს ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიდნენ. 

„ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები, ყველანაირად ცდილობენ, მოწყვიტონ ჩვენი მეზობლები რუსეთის ფედერაციას. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მთლიანად "უმტყუნა მუხრუჭებმა" და გაფრთხილებების მუხედავად, გადაწყვიტა, ძალა გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთში და შემდეგ აფხაზეთში. მაშინ იქ მუშაობდა ათეულობით ამერიკელი ინსტრუქტორი, ისინი წვრთნიდნენ ქართული სპეცდანიშნულების რაზმებს და სამხედროებს. ბრძანებები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად იყო გაცემული, დანაშაულებრივია. ის თავს დაესხა საკუთარ მოქალაქეებს, სამშვიდობოებს, რომელთა შორის იყვნენ რუსი სამხედროები. ვიმეორებ, ქართველი ხალხისადმი ნეგატიური და მიკერძოებული დამოკიდებულება არ გვაქვს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთდ, ვაფასებთ ერთმანეთის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

23 ივლისს ანალოგიური განცხადება მან რუსულ მედიასთანაც გააკეთა:

„ჩვენ არასოდეს მივისწრაფოდით საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისკენ. სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა და გამუდმებით ცდილობდა, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედება შეეზღუდა. შემდეგ ეკონომიკამ თავისი გააკეთა. ის, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ძალიან კარგად ახსოვს, რამდენად მჭიდრო იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები. ახლა ვაჭრობა აღდგა. არ მგონია, რომ ამისგან ვინმე უკმაყოფილებას განიცდიდეს,“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, იმასაც რომ საქართვლომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა. რუსეთი ამ დრომე არ ასრულებს 2008 წელს მოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით ქართველი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში; სადღეისოდ არსებული მოცემულობით, რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე – აფხაზეთსა და ცხინვალზე; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას; კრემლმა საქართველოს ეს ორი რეგიონი აღიარა "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად"; გრძელდება მცოცავი ანექსია საქართველოს ტერიტორიის მავთულხლართების შემოღობვის სახით; საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადიდან თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს; ოკუპაციას უკანასკნელ წლებშიც ჰყავს მსხვერპლი ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას სახით – არც ერთ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულა.

აგვისტოს ომამდე საქართველოში რუსული ეფესბე–ს აგენტების დაკავებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოჰყვა მასშტაბური ეკონომიკური სანქციები, ქართული პროდუქციისთვის დახურა რუსული ბაზარი, გარდა ამისა, ათასობით ქართველი ეთნიკური ნიშნით გამოდევნა რუსეთის ტერიტორიიდან სატვირთო თვითმფრინავებით. დეპორტაციას ახლდა მსხვერპლიც.  საქმე საქართველომ რუსეთს მოუგო სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდა, თუმცა რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაზარალებული მოქალაქეები ამ დრომდე კომპენსაციის მოლოდინში არიან

შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთის მორიგი გაღიზიანების საფუძველი საქართველოში 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

უკვე მოგვიანებით ქარველმა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა, რასაც რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტის მხრიდან სრული ისტერია მოჰყვა: რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოს წინააღმდეგ ხისტი ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენტაციის ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა, ვლადიმირ პუტინმა კი თქვა, რომ "ქართველი ხალხის პატივისცემით" დეპუტატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა. თუმცა იმავე დღეს პუტინმა ანტიქართული განცხადებები აკეთა, შეეცადა საქართველოს ისტორიის გადაწერას და სანაცვლოდ საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა. პუტინის მიერ წარმოდგენილ ისტორიაში საქართველო ოკუპანტი და გენოციდის განმახორციელებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S