როგორ გაიშიფრა ლატვიაში 90-იანი წლებიდან მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი

03-07-2021 12:17:17 ანალიზი

სამართალდამცავებმა ლატვიელი პარლამენტარი იანის ადამსონსი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს. დაკავებულია მისი რუსი კურატორიც, გენადი სილონოვი, რომლის კოდური სახელია "გორდონი". რუსეთის დაზვერვის ოფიცერი გორდონი “ეფ-ეს-ბე”-ს იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ლატვიის ტერიტორიაზე სადაზვერვო საქმიანობას საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან საიდუმლოდ ეწევა. ადამსონსს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებიან. ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა, მტკიცებულებები, ჯაშუშობის 43 ფაქტის შესახებ წარადგინა. ადამსონსი ინფორმაციის გადასაცემად საკუთარ სამსახურებრივ კომპიუტერს იყენებდა. ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის: კანონში ცვლილებებს, არმიის მომარაგებას და ბიუჯეტს, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე ვიზიტის შედეგებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ საკითხზე ბალტიური ასამბლეის პოზიციას.

1990 წელს ლატვიის „კა-გე-ბე“-ში, შიდა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კონტრდაზვერვის ახალი დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენტი სრულიად საიდუმლო დანაყოფს მოიცავდა, რომელიც ახლადშექმნილი ლატვიის დაზვერვის სამსახურების წინააღმდეგ მუშაობდა. სრულიად საიდუმლო დანაყოფს, ლატვიის „კა-გე-ბე“-ს უფროსის პირველი მოადგილე, იური ევგენევიჩ ჩერვინსკი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ დანაყოფში მსახურობდა ლატვიელი პარლამენტარის რუსი კურატორი სილონოვი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ლატვიამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ლატვიის „კა-გე-ბე“-მ მოქმედება შეწყვიტა. რამდენიმე ოფიცერმა, მათ შორის სილონოვმა რიგაში, სამსახურებრივი ავტოსადგომიდან „კა-გე-ბე“-ს მანქანა მოიპარეს და ლატვიის მოქმედი აქტიური აგენტების ყველა ფაილთან ერთად გაქცევა მოახერხეს. საიდუმლო დანაყოფის უფროსი ჩერვინსკი უკვე კრასნოდარის „კა-გე-ბე“-ში იყო გადანიშნული და ოფიცრებმაც მოპარული მანქანითა და საიდუმლო ფაილებით, სწორედ მას ჩააკითხეს. ოფიცრებმა ჩერვინსკის რიგაში დაბრუნების უფლება სთხოვეს, რომ ჯაშუშური საქმიანობა გაეგრძელებინათ. ოფიცრებმა მათი დაკავების შემთხვევაში ჩერნივსკისგან ოჯახებზე ზრუნვის წერილობითი გარანტიაც მოითხოვეს. ჩერვინსკი ოფიცრებს დასთანხმდა და რუსეთის უშიშროების სამინისტროს შემადგენლობაში ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა. 1992 წელს ჯგუფი „ეფ-ეს-ბე“-ს ბალტიის ქვეყნების დეპარტამენტს დაექვემდებარა და ამ პერიოდიდან სწორედ ეს უწყება ხელმძღვანელობს ლატვიაში რუსეთის დაზვერვის რეზიდენტურას.

გენადი სილონოვი, კოდური სახელით გორდონი, ლატვიაში 1991 წელს დაბრუნდა და იანის ადამსონსი გადმოიბირა. ადამსონსმა კიევის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო პოლიტიკური სასწავლებელი დაამთავრა. 1979-1991 წლებში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა სასაზღვრო დაცვის სამსახურში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ლატვიის სასაზღვრო სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო. ამჟამად ადამსონსი პარლამენტში თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის წევრია. იგი ოპოზიციური სოციალურ-დემოკრატიული „ჰარმონიის“ პარტიის წარმომადგენელია, რომელიც ლატვიაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს იცავს.

ეს უკანასკნელი ჯაშუშური ინციდენტი მოსკოვის მხრიდან ევროპისა და ნატო-ს სახელმწიფოების სუვერენიტეტის სრულ უპატივცემულობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემთხვევაში. პუტინი ხშირად აკეთებს არაარგუმენტირებულ განცხადებებს დასავლური სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის შესახებ. სინამდვილეში, ეს თავად კრემლი არ სცემს პატივს სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ჯაშუშურ ქსელებს ქმნის უცხო ქვეყნების ტერიტორიებზე, რომ მანიპულაციის გზით პოლიტიკური გარემო მოსკოვის ინტერესების შესაბამისად შეცვალოს.

შინაგან საქმეთა მინისტრის და შემდეგ უკვე პარლამენტარის რუსული დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა კრემლის სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის უდიდეს ხარისხზე მიუთითებს. პუტინისთვის ეთიკური თუ სამართლებრივი ზღვარი უბრალოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მოსკოვის მხრიდან ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ამგვარი უპატივცემულობა უნდა გამოაშკარავდეს და დამნაშავეებმა უმკაცრესად აგონ პასუხი.

დემნა ვარშალომიძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები