ძალადობრივმა ჯგუფებმა „თბილისის პრაიდის“ გადაწყვეტილება იზეიმეს და პარაკლისზე გადაინაცვლეს
05/07/2021 13:33:28 სამართალი, საზოგადოება
ძალადობრივმა ჯგუფებმა „თბილისის პრაიდის“ გადაწყვეტილება, რომ დღეს „ღირსების მარში“ არ შედგება, საკუთარ გამარჯვებად აღიქვეს, იზეიმეს ცეკვით რუსთაველის გამზირზე და შემდეგ ქაშუაეთთან გადაინაცვლეს, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები დაანონსებულ პარაკლისს აღავლენენ. ადგილზე იმყოფება პატრიარქის მოსაყრდრე შიო, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია ძალადობრივ აქტებზე.
პარაკლისს ასევე ესწრებიან „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან–მოურავი. ისინი ძალადობაზე პასუხისმგებლობას მედიას აკისრებენ.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი. დაფიქსირდა ტურისტის დაჭრის ფაქტიც. პირმა, რომელსაც პოლონელი ტურისტის თმის ვარცხნილობა და საყურე არ მოეწონა, ოთხი ჭრილობა მიაყენა და „ეშმაკს“ უწოდებდა. თავდამსხმელი პოლიციის მისვლამდე ადგილობრივებმა გააკავეს. ძალადობრივი ჯგუფები მრგვალ ბაღთან დაედევნენ მოზარდებს, რომელთაც თმის სიგრძე დაუწუნეს.


