„ასე იცავთ „ქართველობას”? – ძალადობრივმა ჯგუფებმა ქეთი დოლიძის შვილიშილი ცემეს
05/07/2021 14:29:38 სამართალი
რეჟისორი ქეთი დოლიძე ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფები მის შვილიშვილს უმიზეზოდ გაუსწორდნენ.
„ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში ! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ესე, უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი.
აი, ამას ვამბობ პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის. ეს არის გაუნათლებლობა, სიბნელე და უბედურება!
საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ „ქართველობას”?
რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს“,- წერს ქეთი დოლიძე.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი. დაფიქსირდა ტურისტის დაჭრის ფაქტიც. პირმა, რომელსაც პოლონელი ტურისტის თმის ვარცხნილობა და საყურე არ მოეწონა, ოთხი ჭრილობა მიაყენა და „ეშმაკს“ უწოდებდა. თავდამსხმელი პოლიციის მისვლამდე ადგილობრივებმა გააკავეს. ძალადობრივი ჯგუფები მრგვალ ბაღთან დაედევნენ მოზარდებს, რომელთაც თმის სიგრძე დაუწუნეს.


