беспредельщина თბილისის ქუჩებში – რატომ ამოიღეს მედია სამიზნეში?

05-07-2021 19:14:37 სამართალი

ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიერ გახშირებულმა თავდასხმამ, რაც არაერთგზის გამხდარა ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი მოძალადეების წახალისების გამო, 5 ივლისს არნახული მასშტაბი მიიღო: ძალადობრივმა ჯგუფებმა სამიზნეში ამოიღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლები – თავს ესხმოდნენ, უმტვრევდნენ ტექნიკას, აყენებდნენ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას, ფიზიკურად დაუნდობლად უსწორდებოდნენ. იყო ჩაქოლვის მცდელობა, განუკითხაობა თბილისის ქუჩებში. არასრული მონაცემებით, დაშავებულია მედიასაშუალებების 40–მდე წარმომადგენელი და სწორედ მსგავსმა მიდგომამ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავდასხმა არა სპონტანური, არამედ ორგანიზებული იყო: ხელისუფლებამ, რომელსაც აღიზიანებს მედია, სხვისი ხელით ცემა ათობით ჟურნალისტი.

ადგილზე მობილიზებული მცირე რაოდენობით სამართალდამცველი ძირითადად გამშველებლის ფუნქციით იყო წარმოდგენილნი. ისინი ვერ ახერხებდნენ ძალადობის პრევენციას და ძირითადად, უკვე ნაცემი მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები გამოჰყავდათ ძალადობის ეპიცენტრიდან, თავად მოძალადეები კი ცენტრალურ ქუჩებზე აგრძელებდნენ თარეშს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებების ვებ–გვერდებზე, მათ შორის, „აქცენტის“ განხორციელდა კიბერშეტევა. გარკვეული დროს შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა ვებ–გვერდები შენელებულ რეჟიმში ფუნქციონირებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო არ/ვერ ახერხებდა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, თავად მედიამენეჯერებმა მიიღეს საკუთარი გადამღები ჯგუფებისა და ჟურნალისტების რუსთაველის გამზირიდან გამოყვანის გადაწყვეტილება.

ჟურნალისტ რატი წვერავას თავს ესხმიან

„პირველად ვიგრძენი, რა არის დაუცველობა. მოვრბოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ საფრთხის ქვეშ ვიყავი, მაგრამ პოლიცია არსად იყო. ქაშუეთთან მოვიდა ერთი პოლიციელი, თავზე ხელი გადამაფარა, მაგრამ მასაც სცემდნენ, ერთი პოლიციელი ვერაფერს გახდებოდა“,– იხსენებს ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელიც თავადაც გახდა ათობით თავდამსხმელის სამიზნე და მათ შორის, იყვნენ სასულიერო პირებიც.

"ტვ პირველის" ოპერატორი ლევან ბრეგვაძე

"სანამ ჩხუბზე გადმოვიდოდნენ და ხელს დამარტყამდნენ, მანამდე ქვების და ბოთლის სროლა დაიწყეს. პირველი ქვა კამერას მოხვდა. მოვარდნენ და დამიწყეს ჩხუბი, რის შედეგადაც წამაქციეს და შედგნენ პირდაპირ ფეხებით, ქუსლებით, რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი მირტყეს: ფეხი, ხელი, თავი, მიკბინეს კიდევაც. ერთი მამაო იყო, რომელიც გადამეფარა და მიცავდა," - ყვება ლევან ბრეგვაძე.

„ტექნიკის ნახევარი აღარ გვაქვს. დღეს შს მინისტრი იყო ყრუ და ბრმა. ის არის ვახტანგ ყრუ და ბრმა“,– ამბობს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტები - დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც მათთვის მისაღები იყო, გახლდათ პრორუსული, ძალადობრივი „ალტ–ინფო“, რომელიც ამ ხალხს მთელი თვის განმავლობაში მოუწოდებდა ძალადობისკენ“,– ამბობს ასევე თავდასხმის კიდევ ერთი მსხვერპლი ჟურნალისტი გუგა მაისურაძე.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი – მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

"მოვიდნენ ეს ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. რასაკვირველია მათთვის არ მითქვამს არაფერი და კომუნიკაცია ამ ადამიანებთან არ მქონია, თუმცა ასე უეცრად, ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ ჰყავს ჩემს ოპერატორს გადაღებული, უკანა მხრიდან მოვიდა, ხელი გადამიგრიხა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვთქვათ "მათრია". ჩემთან ერთად პალატაში არის "პალიტრანიუსის" ოპერატორი, რომელიც არის სასტიკად ნაცემი, სულ სისხლიანი არის," - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ.

„ფორმულას“ წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე ფიქრობს, რომ „მსოფლიოს ვახანეთ, რომ ხელისუფლება არ მოქმედებს, ან ნებას რთავს მოძალადეებს, ლინჩის წესით გაუსწორდეს მედიას. თან ეს ხდება პოლიციის თვალწინ“:

„ხელისუფლებამ შეგნებულად შეატოვა მედიის წარმომადგენლები პოლიციის მცირე რაოდენობას, ზოგიერთ ადგილზე ისინი საერთოდ არ ფიგურირებდნენ. გვახსოვს ჩვენს თავზე განცდილი ძალადობა. მაშინ ძალადობდა სახელმწიფო. დღევანდელი სურათი არ ჩამოუვარდება და რიგ შემთხვევაში, იმჟამინდელ ამბებს აღემატება: სახელმწიფო ამ ბრბოს ამოფარებული ძალადობს მედიაზე ისე, რომ ცდილობს, გაექცეს საკუთარ პასუხისმგებლობას. მაგრამ ეს გამორიცხულია“.

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების მოტივაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სერიოზული ელექტორალური პრობლემებია: მათ სჭირდებათ „კონსერვატორული ხმების“ მობილიზება, რათა 43%–იანი ბარიერი გადალახონ და ამ გზით შეინარჩუნონ სახელისუფლებო ძალაუფლება.

„ამიტომ წავიდნენ ისინი ასეთ ნაბიჯზე. დღეს ხელისუფლების პოლიტიკა იყო беспредельщина (განუკითხაობა)!“– ამბობს თარგამაძე, თუმცა ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უშედეგო მცდელობაა, რადგან საზოგადოებამ ამ განუკითხაობის შედეგები იხილა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ მედიაზე თავდასხმა წახალისებული და ინსპირირებული იყო, ხოლო მიზანი მისი შესუსტებაა, თუმცა ვინაიდან მედია კორმერციული და უფრო თავსიუფალია, პირდაპირი იერიში ხორციელდება კონსტიტუციური ორგანოების სხვა გზებით შესუსტებისგან განსხვავებით.

„ქართული მედია დღეს ფუნქციონირებს როგორც ერთადერთი ბალანსი ქვეყანაში, სადაც მთავრობა, სასამართლო, პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები სრულიად დემონტაჟის ქვშ არიან. ამიტომ, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ დღეს თქვენ მთავარი თავდასხმის ობიექტი ხართ. თქვენი გაჩუმება პოლიტიკური მიზანია!“.

როგორც შსს–ში აცხადებენ, ძალადობრივ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა უნდა აინიშნოს, რომ მიუხედავად დაუფარავი ძალადობისა, რომელსაც საზოგადოება ყველა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არაა, თავად ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კი "თბილისის პრაიდის" გადაწყვეტილება, რომ "ღირსების მარში" დღეს არ გაიმართება, ცეკვით აღნიშნეს და ქაშუეთთან საპატრიარქოს მიერ დაანონსებულ პარაკლისს შეუერთდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები