დაკავებულებს შორისაა პირი, რომელიც ჟურნალისტებს მოპედით ეჯახებოდა
06/07/2021 08:38:05 სამართალი
5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის არის პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მომუშავე ჟურნალისტებს მოპედით განგებ ეჯახებოდა. ჯამში ძალადობის ბრალდებით 3 პირია აყვანილი.
ხსენებული ინციდენტი ჰომოფობიური აქციის დაწყებიდან მალევე მოხდა. მომხდარი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გადაღებულ კადრებში მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ პირი მოპედით მოულოდნელად გაემართა ჟურნალისტების მიმართულებით, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე ძალადობრივი მოვლენების გადაღებას ცდილობდნენ. ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
დანარჩენი 2 დაკავებულიდან ერთ-ერთი “ტაბულას” ჟურნალისტს დაესხა თავს და კეტი ჩაარტყა, კიდევ ერთი პირი კი ფოტორეპორტიორს გაუსწორდა ფიზიკურად.
შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან 2 წარსულში ნასამართლევია.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.


