
საფრანგეთის ელჩი – ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენაზე: “სასამართლო პროცესი გამჭვირვალე და აპოლიტიკური უნდა იყოს“
24/07/2019 17:14:57 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე გენპროკრატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებელია, სასამართლო პროცესი გამჭვირვალე და აპოლიტიკური იყოს.
ამის შესახებ ელჩმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ, ისევე, როგორც საერთაშორისო ბიზნეს–საზოგადოება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე, დამოუკიდებელი და აპოლიტიკური“, – განუცხადა ელჩმა „აქცენტს“.
რაც შეეხება კითხვას, მოახდენს თუ არა დღეს განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე, ელჩმა შემდეგი განაცხადა:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომლის დამფუძნებელიც მამუკა ხაზარაძეა, აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან. საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოება და პროექტით დაინტერესებული ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამჟამად არის ამ მოლაპარაკებების შედეგების თაობაზე საჯარო განცხადებების მოსმენის მოლოდინში. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოს ამბიციური განაცხადია, გახდეს ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – განუცხადა „აქცენტს“ ელჩმა.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021