ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი დაკავებული წევრი 2300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
06/07/2021 12:08:43 სამართალი, საზოგადოება
5 ივლისს თბილისში ძალადობრივი აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ-ერთ პირს აკაკი ნაკაშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2 300–ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. დაკავებული პირი "მრგვალ ბაღთან" მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა.
მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ მოძალადეს პაატა გურჩიანს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, დარჩენილი 6 პირის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.
ჟურნალისტებზე ძალადობა გუშინ თბილისის ქუჩებში ორგანიზებულად მიმდინარეობდა.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.


