„ასე ხდებოდა ისლამური რევოლუცია ირანში“ – პერსპექტივა აშვებული "ჯინის" პირობებში

06-07-2021 18:00:22 ანალიზი

დაუცველობის განცდა, დალეწილი ტექნიკა, დარბეული კერძო საკუთრება, უკონტროლო მოძალადეების თარეში თბილისის ქუჩებში, ნადირობა ჟურნალისტებზე, რიგით მოქალაქეებზე, მათ შორის, ბავშვებზე, ცივი იარაღით დაჭრილი ტურისტი, არასათანადო რაოდენობით მობილიზებული (განსხვავებით იგივე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული საპროტესტო ღონისძიებებისგან) და ნაცემი პოლიციელები, პარლამენტთან ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა, შემდეგ კი ძალადობრივი ჯგუფების ზეიმი და სასულიერო პირების ტრაპეზი მოძალადეებთან ერთად – ამგვარი მძიმე „ქეისებს“, განწყობებს და დანაშაულს ითვლის „პრაიდის“ წინააღმდეგ დაორგანიზებული ძალადობრივი ღონისძიება, რომელსაც საზოგადოება თვალს 5 ივლისს ადევნებდა და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან მოქალაქეები დღესაც იუწყებიან განსხვავებულობის, გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი ვიზუალის გამო შეურაცხყოფის და ძალადობის შესახებ.

იხილეთ ასევე: беспредельщина თბილისის ქუჩებში – რატომ ამოიღეს მედია სამიზნეში?

„გუშინ მე ქუჩაში გამოსვლის შემეშინდა“ – ამბობს მსახიობი რუსკა მაყაშვილი.

მსგავსი განცდა აქვს იურისტ სულხან სალაძესაც:

„გააუმჯობესეს“ 2013 წლის მოვლენები. დღეს დაუცველად ვგრძნობ თავს, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ თავში ვინმე რამეს არ ჩამარტყამს მაისურის ფერის ან სხვა რამის გამო, რაც არ მოეწონებათ“.

„დაახლოებით, ასე ხდებოდა ისლამური რევოლუცია ირანში“,– ამბობს „საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი და 5 ივლისის მოვლენებიდან საკუთარ გამოცდილებას იხსენებს:

„ეს იყო სრულიად გავეშებული მასა შეშლილი სახეებით, რომლებსაც ერთადერთი სურვილი ჰქონდათ – ეძალადათ ვინმეზე და რეალურად, მათთვის სულ ერთი იყო, ვისზე იძალადებდნენ. მათ სისხლი სწყუროდათ!

ასეთ სიტუაციაში, “სირცხვილიას” ოფისის შემდეგ მსხვერპლი მალევე იპოვეს ჟურნალისტების სახით, რომლებსაც აპარატებიც დაუმტვრიეს და ცხვირ-პირიც.

ჩემს გვერდით მდგარ რიგით მოქალაქესაც მხოლოდ იმიტომ გამოეკიდნენ საცემად, რომ მათ ამ “გმირობებს” მობილურით იღებდა.

ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ეს არა სპონტანური, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული აქცია იყო: აქ იყვნენ ახალგაზრდა დაკუნთული მამაკაცები, რომლებსაც ეცვათ პატრიოტულ-რელიგიური სიმბოლოებით გაფორმებული მაისურები. ისინი დაყოფილი იყვნენ 8-10 კაციან ჯგუფებად. მათ ჰყავდათ საკუთარი მეთაურები, რომლებიც მათ შესაბამის ინსტრუქციებს აძლევდნენ.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები (ერთეულების გარდა და ისინიც მხოლოდ აშველებდნენ ხოლმე) არ ერეოდნენ აქ მიმდინარე ამბებში. ცხადია, რომ მათ ასეთი ბრძანება ჰქონდათ მიღებული ზევიდან“.

როდესაც გუშინდელ უმძიმეს მოვლენებზეა საუბარი, ძალოვანი უწყების მისამართით მთავარი პრეტენზია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან მიუხედავად შესაძლო ძალადობრივი მოვლენების მოლოდინისა, მით უფრო, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდა, არ უზრუნველყო პოლიციის შესაბამისი მობილიზება, შედეგად, ადგილზე წარმოდგენილი ერთეული პოლიციელი ვერ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას და მხოლოდ „გამშველებლის“ სტატუსით რეაგირებდა მოქალაქეებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ ძალადობაზე.

„რეალურად, ხელისუფლებამ მოახდინა ძალაუფლების დელეგირება აქ შეკრებილ ბრბოზე (თუ რატომ, ეგ სხვა საკითხია). ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ასე გათამამებული და ხელშეწყობილი ჯგუფები მოზარდსაც გამოეკიდნენ გრძელი თმის გამო და ტურისტიც დაჭრეს საყურის გამო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში არეულობა რუსეთის პირდაპირ ინტერესებშია. მის მიერ დაყრილი საკენკი კი მერამდენედ უნდა ავკენკოთ ბრიყვულად და მერე გოიმებივით სხვებისკენ ვიშვიროთ ხელი?“,– ამბობს ბატიაშვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შიშობს, რომ არის მცდელობა, ქართველებს „წაართვან“ ტოლერანტობა, მიმტევებლობა, შესაბამისად, წაართვან წარსული –ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა და დატოვონ „ბერბიჭაშვილების, ორჯონიკიძეების და ბერიების ამარა“.

5 ივლისის კონტექსტში მარგველაშვილი საქართველოს ახლო წარსულიდან იხსენებს რამდენიმე ეპიზოდს:

„მახსენდება2014 წელი –ანალოგიური სცენარი იყო ჯერ კიდევ პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან გათამაშებული, როდესაც მთავრობის სხდომიდან გააკეთა მოწოდება, რომ „შეურაცხყოფილი მოქალაქეები გაუსწორდნენ ენმ–ს“, რომელიც მაშინ იყო სამიზნე. ეს იყო მძიმე წუთები: წარმოვიდგინე, რომ შეიძლება, ქუჩაში დაიწყოს დაპირისპირება. მაშინ ბევრი ქმედება განვახორციელეთ, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლეში მათი [ოპოზიციის] მოყვანა, რათა განგვემუხტა სიტუაცია. ამას ვიხსენებ იმიტომ, რომ ეს მათი [მმართველი გუნდის] სტილი, ხელწერაა. იმავეს აკეთებდა გახარია, როდესაც „ბასიანის“ ირგვლივ დადგა მსგავსი სპექტაკლი, იგივე მოხდა სხვა შემთხვევებშიც. ეს არის სტილი, როდესაც ხელისუფლების მიერ ხდება სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება“.

საინტერესო დეტალი: „პრაიდის“ დირექტორის განცხადებით, მათ რამდენჯერმე მოუხდათ სხვადასხვა ლოკაციიდან ევაკუაცია და ოთხ შემთხვევაში ძალადობრივმა ჯგუფებმა „თავშესაფრის“ იდენტიფიცირება შეძლეს. მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოორდინატებს სწორედ რომ ძალოვანი უწყება გასცემდა.

სწორედ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებად იქნა აღქმული პროცესზე დამკვირვებლების მხრიდან ღარიბაშვილის 5 ივლისის განცხადება, დასვა რა მან ტოლობის ნიშანი მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის, მით უფრო, რომ რუსთაველზე ძალადობის პროცესი უკვე დაწყებული იყო და მეტიც, მან „პრაიდის“ უკან მდგომ ძალად ენმ გამოაცხადა.

„ეს იყო ცალსახად უსუსურობის აღიარება, რომ სახელმწიფო არ არსებობს, არ შესწევს უნარი, უზრუნველყოს თანასწორობა. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩაწერონ მაშინ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ ტრადიციული სახელმწიფო ვართ და სხვადასხვა ადამიანები ჩვენთვის მიუღებლები არიან. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრადიცია და გვიწერია კონსტიტუციაში, ომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და პატივს ვცემთ ყველას სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე. ამიტომ, მისი გამოსვლა იყო უძლურების გამოვლენა. ის აშკარად ხვდება, რომ არჩევნების წინ მას სჭირდება მსგავსი ტრადიციული საზოგადოების მობილიზება. ხელისუფლებამ დაიკავა მოძალადის მხარე და ეს კატასტროფაა“,– ამბობს „აქცენტთან“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ის ყველა მხარეს ახსენებს, რომ სახელმწიფოს ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმება აქვს გაფორმებული, ანუ ეკლესია ჩართულია კონსტიტუციაში და ვალდებულია, შეასრულოს კონსტიტუციური ნორმები. მაშ რატომ ივიწყებს ყველა მხარე ამ შეთანხმებას? კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არჩევნებია:

„არჩევნები მოდის, ხმები სჭირდება [მმართველ გუნდს]. მჯერა, გულის სიღრმეში მათ გული წყდებათ, რომ ამის გაკეთება უწევთ, თუმცა ეს ამორალურია. მათ მეტი ვაჟკაცობა უნდა ეყოთ“.

ზაქარეიშვილი იხსენებს 2013 წლის მოვლენებს, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ამის შემდეგ ასევე მძიმე მოვლენები განვითარდა რუსთაველზე. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ მაშინ მინისტრთა კაბინეტის ბევრმა წევრმა საჯაროდ დაგმო თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენები და დღეს მთავრობის წევრების მხრიდან იგივე ტონის გამოყენების მოლოდინი არ აქვს.

„მაშინ „ქართული ოცნება“ წელში იყო გამართული [ახალი მოგებული ჰქონდა არჩევნები], კოალიციაც არსებობდა და თამამად შეეძლო, ეკლესიასთან ელაპარაკა, მაგრამ ახლა უკვე მხარდაჭერა სჭირდება სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, რომელსაც მაშინ ანგარიშს ნაკლებად უწევდა“.

მაგრამ მაშინ ძალადობრივმა ჯგუფებმა მაინც შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა, აღნიშნულს კი ზაქარეიშვილი იმით ხსნის, რომ მსგავსი ზეწოლის მოლოდინი არ იყო და იხსენებს თემის ირგვლივ შიდა სამთავრობო მსჯელობებს:

„მთავრობაში მაშინ ამის გამო სერიოზული გარჩევა იყო. ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ „დაუშვებელია, მოძალადეებს პოზიციები დავუთმოთ“. რადგან ეს პირველი იყო, ყველამ ვთქვით, რომ „ეს მეტჯერ არ უნდა განმეორდეს“. ივანიშვილი ნამდვილად მონდომებული იყო (მას შემდეგ ის შეიცვალა და ბევრი რამ არ მომწონს), რომ არ მომხდარიყო დარბევა [მარშის მონაწილეების–რედ.], რეკავდა და რეკავდა სხვადასხვა სტრუქტურებში, ზოგიერთ ეპისკოპოსთანაც კი, რომელთა იმედიც ჰქონდა, რომ ისინი გააჩერებდნენ [ძალადობრივ ჯგუფებს–რედ.]. ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა). ერთი ორი ეპისკოპოსი არწმუნებდა [ივანიშვილს – რედ.], რომ „იქნება მხოლოდ პროტესტი, ჩავეტევით კანონის ფარგლებში“ და უცებ მოხდა გარღვევა. მაშინ გულგატეხილი იყო [ივანიშვილი–რედ.], რომ ცალკე პოლიციამ და ცალკე ეკლესიამ პირობები არ შეასრულეს“.

მაგრამ მას შემდეგ „ღირსების მარში“ თბილისში არ ჩატარებულა. გუშინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, მით უფრო, რომ პოლიცია უსაფრთხოებას არ/ვერ უზრუნველყოფდა, „თბილისი პრაიდმა“ ღონისძიება კვლავ გადადო.

„მაშინ მმართველ გუნდში მიიღეს გადაწყვეტილება, „ჩვენ დაველაპარაკებით „პრაიდის“ მონაწილეებსო“ და დაარწმუნეს. როდესაც მეუბნებიან, რომ „ისინი არ გამოვლენ“, მიჭირს თქმა, „გამოდით“. და როდესაც გამოვიდნენ, ჩემნაირი ადამიანები ვალდებულნი არიან, გვერდში დაუდგნენ!“,– ამბობს კონფლიქტოლოგი „აქცენტთან“.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე კი, რომელიც ასევე შეშფოთებით ადევნებდა თვალს ძალადობრივ მოვლენებს დემონსტრანტების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაციის ფონზე, მობილიზებული ჯგუფები 2013 წლისას ჩამორჩება და აღნიშნულს ის საპატრიარქოსადმი, მისივე ქმედებებიდან გამომდინარე, ნდობის შემცირებას უკავშირებს, მათ შორის, „კონტრაქტს“ სახელისუფლებო გუნდთან.

ფაქტია, რომ ბოთლიდან გამოშვებულმა „ჯინმა“ 5 ივლისის ქვეყანაში დაამარცხა დემოკრატია, გააუქმა სახელმწიფო, უარი თქვა რა სახელმწიფომ საკუთარი პოზიციური ვალდებულების შესრულებაზე, დაეცვა მოქალაქე და ეს, მათ შორის, რუსთაველზე მოზეიმე ახალგაზრდებსაც უნდა აფიქრებდეთ, რადგან ნებისმიერ ვითარებაში შესაძლოა, იქცნენ უმცირესობად და მოუხდეთ იმგვარი გამოცდილების გაზიარება, როგორც რიგით მოქალაქეს, რომელსაც შინ შეუვარდნენ და დაარბიეს, ან ცნობილი რეჟისორის, რომელიც წარსულში მათ თანაუგრძნობდა, თუმცა გუშინ ძალადობა მის ოჯახსაც უსამართლოდ შეეხო, ან ტურისტის, რომელიც ოთხი ჭრილობით გუშინ კლინიკაში შეიყვანეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები