„არ დაგიცავთ, ფეხებზე გვკიდიხართო“ – ფერაძე თავდასხმის შესახებ იუწყება [ვიდეო]
06/07/2021 17:20:18 სამართალი
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე მასზე და ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის შესახებ იუწყება და შემთხვევის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
როგორც ფერაძე ყვება, თავდასხმა ორ ეპიზოდად მოხდა: პირველ შემთხევაში პოლიციამ ეფექტური რეაგირება მოახდინა, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობა არ აღკვეთა.
„ორი მანქანით მოვედით ტრანსგენდერი გოგოები და ჩვენ. მანქანიდან გადმოვედით თუ არა, პირველი თავდასხმა მაშინვე მოხდა. პოლიციამ მაშინვე მოიგერია, მაგრამ როგორც კი ქვევით ჩამოვედით, საკმაოდ მძიმე ვითარება იყო: ჩვენი აქტივისტი დაზიანებულია, სასწრაფოა გამოძახებული, გოგოები ათრიეს ძირს. ძალოვანებმა გოგოებს უთხრეს, „თქვენ არ დაგიცავთ, ფეხებზე გვკიდიხართო“,– ყვება ნათა ფერაძე.
ფერაძის მიერ ნახსენები აქტივისტი "ანას ბაღის მცველი" ლევან ქართველიშვილია.

ამ დროისთვის რუსთაველზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. სწორედ ამ აქციაზე მივიდა ფერაძე თანმხლებ პირებთან ერთად. ასევე მიმდინარეობს კონტრაქცია, რომელზეც ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილნი და პერიოდულად ცდილობენ სოლიდარობის აქციაზე შეღწევას. ადგილზე რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მოხდა. ბოლო 20 წუთია, ვთარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან.


