პროკურატურამ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
06/07/2021 17:26:22 სამართალი
პროკურატურამ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით,საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 23 პირი, მათ შორის, 17 ჟურნალისტი და ოპერატორი.
„საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე, სამ პირს - ზ.ჭ.-ს, მ.დ.-ს და ზ.მ.-ს ბრალი წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განახორციელეს მათ მიმართ პროფესიული ნიშნით დევნა და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცავებმა სამივე პირი გუშინ დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ძალადობრივი მოვლეების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.


