Accentnews.ge
შსს: "ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები"

შსს: "ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები"

06/07/2021 18:23:18 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე ორივე აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს.

უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, – აღნიშნულიაშსს–ს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობს – პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს აპროტესტებენ.

მეორე აქცია ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიციას აქვს კორდონი გაკეთებული, აღმართულია რკინის ჯებირები. "პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კორდონის გარღვევას პერიოდულად ცდილობენ. რამდენჯერმე გაიმართა ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და მოძალადეებს შორის.

მოძალადე ჯგუფებმა პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირების მოხსნა სცადეს და შსს-ს წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის ქვებს ესვრიან.

სამართალდამცველებმა რამდენიმე მოძალადე დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S