აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალელებს ვაქცინაციის ენგურს გადმოღმა გავლას სთავაზობს

07-07-2021 13:49:24 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან ენგურის ხიდის კვეთის წესები გაამარტივა და გალის რაიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, ვაქცინაცია არა მარტო საცხოვრებელ ადგილზე, არამედ სურვილისამებრ ენგურს გადაღმაც გაიაროს, – იუწყება «Апсныпресс».

«რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის - ლიუდმილა სკორიკის რეკომენდაციით, საზღვარზე გახსნილია სამედიცინო პუნქტი. საზვრის კვეთის რეჟიმი გამარტივებულია, რათა მსურველებმა გადასვლა და ვაქცინირება შეძლონ, სახლში დაბრუნებისას კი აუცილებლად შეიარონ სამედიცინო პუნქტში და აღირიცხონ ვაქცინირებულებად. აი ასე - ერთობლივად შევებრძოლებით ამ სენს», – განაცხადა გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ.

ამასთან, გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტამურ გამგიამ დააზუსტა, რომ ენგურის ხიდის კვეთისთვის გარკვეული მოთხოვნებია შემოღებული.

«კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გათვალისწინებით, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამედიცინო პუნქტის გახსნა გადავწყვიტეთ, რათა მკაფიოდ ვაკონტროლოთ საზღვრის მკვეთთა კონტინგენტი, ვაწარმოოთ აღრიცხვა. საზღვრის გადამკვეთთათვის არსებობს მოთხოვნები: ვაქცინაციის შესახებ ცნობის ან PCR-ტესტის შედეგების წარდგენა, ხოლო თუ ადამიანმა კოვიდ-ინფექცია უკვე გადაიტანა – ანტისხეულების კვლევის შედეგების შესახებ საბუთის წარმოდგენა. ერთ-ერთი ამ საბუთის ჩვენების შემთხვევში ადამიანი საზღვარს დაუბრკოლებლად კვეთს. ის პაციენტებიც კი, რომლებიც გამოსაკვლევად ან სამკურნალოდ გადიან, ვალდებულები არიან, ცნობა წარადგინონ», – განმარტა მან და დასძინა, რომ შესაბამისი საბუთების გარეშე დე ფაქტო საზღვარზე, ადრინდელის მსგავსად, გადაატარებენ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

«თუ აფხაზეთის მოქალაქემ საზღვარი გადაკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე სამ დღეზე მეტხანს იმყოფება, დაბრუნებისას მანამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს», – დააზუსტა გამგიამ.

ენგურის ხიდი მსურველთათვის ადგილობრივი დროით 9:00-დან 19:00 სთ-მდე იქნება გახსნილი.

5 ივლისამდე დე ფაქტო საზღვრის კვეთა მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ხანდაზმულებს შეეძლოთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები