
ოსი უფლებადამცველი სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით თბილისთან კონტაქტების დამყარების ინიციატივით გამოდის
07/07/2021 15:15:33 კონფლიქტები
ოსი უფლებადამცველი ფატიმა მარგიონი მხარდაჭერას უცხადებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან სამკურნალოდ და როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა პრობლემების გადასაჭრელად ქართულ მხარესთან თანამშრომლობის დაწყების ინიციატივით გამოდის.
“ამ ხალხს [სამკურნალოდ გადმოსულებს – რედ.] ვერ დავძრახავ. პოზიტიურად ვაფასებ ჩვენი მოქალაქეების მკურნალობის პროგრამას. რა უშლიდა რუსეთს ხელს, ანალოგიური პროგრამა შეექმნა, ან გაეკონტროლებინა, რამდენად მიზნობრივად იხარჯება მის მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები, რათა ადგილზე შეგვძლებოდა მკურნალობა?! პასუხი ნათელია: ესაა კორუფცია, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება და მას დაქვემდებარებული ჩვენი ჩინოსნები არიან ჩაფლულები. ასევე მივესალმებოდი ომის შედეგად დაზიანებული ჩვენი საცხოვრისების აღდგენის პროგრამას. ჩვენმა ხელისუფლებამ და რუსმა კურატორებმა ხომ სრული უუნარობა აჩვენეს, საკუთარი გაუმაძღრობა დაეძლიათ და ეს პრობლემები გადაეჭრათ. 12 წელი გავიდა, ჩვენ კი კვლავ ომით დანგრეულ ბინებსა და სახლებში ვაგრძელებთ ცხოვრებას, ამის მიზეზი იგივეა – ფაშისტური კლეპტოკრატია და მისი მფარველი კურატორები რუსეთიდან. თავხედობის პიკად მიმაჩნია პროგრამის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება "ჰუმანიტარულ სპეცანგარიშთან” და ჰუმანიტარული დახმარების ნაცვლად დაზარალებული მოსახლეობისთის საცხოვრისების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მაშ სადაა ჩვენი რეალური მტერი და ჩვენ სად ვეძებთ მას?!” - წერს მარგიონი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ პირად გვერდზე.
უფლებადამცველის აზრით, “სახალხო დიპლომატიის დონეზე, სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით უნდა დამყარდეს კონტაქტები პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებთან საქართველოში, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ინტერესების, პრობლემების, საჭიროებების გახმოვანება და ითხოვოს დახმარება, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციებისა, არსებული პრობლემების გადასაჭრელად”.
მარგიონს რიგი კომენტატორებიც დაეთანხმნენ. "მათ, ვინც ჩვენს სახელმწიფო სალაფავთანაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება არ აწყობთ, მათთვის რუსეთია უფრო მისაღები იმის გამო, რომ განუკითხაობაზე თვალს ხუჭავს" - წერს ერთ-ერთი მათგანი:
"არც მე ვარ საქართველოში მკურნალობის პროგრამის წინააღმდეგი: საქართველო ახლოსაა, რუსეთამდე კი სანამ ჩააღწევ, მოკვდები. თანაც, ვის რაში ვჭირდებით იქ?! - რომ იმკურნალო, ჯერ ჯოჯოხეთი უნდა გამოიარო! მაგრამ ეს ჩვენ გვეხება, რიგითებს, თორემ სახელმწიფო მოხელეებს - არა" - წერს მეორე: