საქართველოში მიგრანტის უკანონო გადაყვანისა და ყოფნის გამო რუმინეთის მოქალაქეს 6 წელი მიესაჯა
08/07/2021 08:07:19 სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში მიგრანტის უკანონო გადაყვანაში და უკანონოდ ყოფნისთვის პირობების შექმნაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უწყებაში განმარტავენ, რომ 2019 წლის 5 მაისს, რუმინეთის მოქალაქემ ჯ.მ-მ სტამბული-თბილისის თვითმფრინავით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ირანის მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა. ირანის მოქალაქემ აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას ჯ.მ-ს მიერ გადაცემული, იტალიის მიერ სხვა პირზე გაცემული პასპორტი გამოიყენა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თბილისსა და ქუთაისში ქუთაისში ჯ.მ-მ ქვეყანაში უკანონოდ შემოყვანილი პირი სასტუმროში საკუთარი ხარჯებით დააბინავა. მოგვიანებით კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად სხვა პირის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა შეიძინა და ირანის მოქალაქეს გადასცა.
ჯ.მ-ს საქართველოს საზღვარი უკვე გადაკვეთილი აქვს, ამიტომ მას ბრალდება 2019 წლის 17 ივლისს დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება მას ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს საზღვარზე მიგრანტისგან უკანონოდ გადაყვანასა და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ედავება.
ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
2019 წლის 2 აგვისტოს ის საბერძნეთში დააკავეს, 2020 წლის 11 ოქტომბერში კი საქართველოში ექსტრადაციით ჩამოიყვანეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


