ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
08/07/2021 12:03:53 სამართალი
ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
გამოძიება დაკავებულებს მუქარას, დევნას, ჯგუფურ ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება.
პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, პატიმრობა დასაბუთებულია მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხით.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ცნობისთვის: პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.


