კახეთში კოღოების შემოსევას ვერ უმკლავდებიან

10-07-2021 16:58:53 საზოგადოება ,რეგიონები

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრები მოსახლეობა მწერების, უმეტესად კი კოღოს საწინააღმდეგო წამლობის ჩატარებას ითხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა დაავადება მალარია გავრცელდეს.ირკვევა, რომ ანალოგიური პრობლემებია სიღნარში.

როგორც რადიო თავისუფლებას სოფელ მშვიდობიანში ადგილობრივებმა განუცხადეს, კოღოს შემოსევით უკმაყოფილო მოსახლეობამ მერიას სპეციალური წერილით მიმართა, თუმცა მათგან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„სანამ არ შევაწუხებთ ხელისუფლებას, მანამდე არ უნდა იმოქმედონ? მოსახლეობის ნაწილი სახლებს იცავს დამცავი ბადეებით, მაგრამ ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ბადეები შეიძინოს. ახლა წვიმებია, და რომ გამოიდარებს, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება“, - ამბობს ადგილობრივი მარიამ ხანდოლიშვილი.

კოღოს მომრავლებას უჩივიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. ადგილობრივების თქმით, გასულ წელს შეწამლვითი სამუშაოები დროულად ჩატარდა, თუმცა წელს მოთხოვნის მიუხედავად რეაგირება არ ხდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გასულ კვირებში კოღოს საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა სოფელ აფენში, თუმცა უშუალოდ მშვიდობიანიდან მოსახლეობის წერილი არ მიუღიათ.

მერის, ჯონდო მდივნიშვილის თქმით, არსებული მდგომარეობა შეფასდება და შეწამლვითი სამუშაოები დაიგეგმება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში კოღოს შემოსევას ყოველ წელს უჩივიან. აღსანიშნავია, რომ მდინარე ალაზნის ნაპირებზე გავრცელებულია მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესიც. 2000 წლამდე ლაგოდეხში მალარია მწვავე და გადაუჭრელი პრობლემა იყო. იმ ხანებში მხოლოდ სოფელ ჰერეთისკარში მალარიით 50 ადამიანი იყო დაინფიცირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები