Accentnews.ge
ლაშქარავას საქმე: რა ვერსიას განიხილავს შსს

ლაშქარავას საქმე: რა ვერსიას განიხილავს შსს

11/07/2021 13:51:19 სამართალი

11 ივლისს „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ეტაპზე შსს სსკ–ის 115–ე მუხლით იძიებას (თვითმკვლელობამდე მიყვანა), ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა და რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება:

  • შსს–ს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ 10 ივლისს ლაშქარავა იმყოფებოდა სხვადასხვა ლოკაციებზე და მან დაასახელა საბურთალოს რაიონი და ფონიჭალის დასახლება, სადაც, მისი თქმით, ლაშქარავა მეგობართან ერთად ორჯერ იმყოფებოდა. იქვე აღნიშნა ისიც, რომ „ამაზე ხაზგასმა შეგნებულად“ არ სურს, „რადგან საზოგადოებას არ დარჩეს, რაღაც წინმსწრები ვერსია“. თუმცა ფაქტია, რომ მან 5 ლოკაციიდან, სადაც სავარაუდოდ, ლაშქარავა იმყოფებოა, სწორედ ფონიჭალა ახსენა.
  • ჭელიძემ განაცხადა, რომ წინასწარი ვერსიების გაჟღერებისგან უწყება გარდაცვლილის და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს და სხვებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ.
  • დამაზუსტებელ კითხვაზე შსს–ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „არ იქნება სწორი და პროფესიონალური, გამოძიებამ ზედოზირებაზე წინასწარ ისაუბროს, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება“.

„გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.

ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.

აქვე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების კადრებს რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.

ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები, იმყოფებოდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების მიმდინარეობისას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“,– განაცხადა ჭელიძემ.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S