"ფაქტ–მეტრი": „ალტ-ინფო“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკვშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს"

11-07-2021 18:13:24 მითები და რეალობა

„ალტ-ინფო“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკვშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს,– იუწყება ფაქტ-მეტრი, რომელმაც ინფორმაცია გააანალიზა.

ინფორმაციისთვის: 2021 წლის 11 ივლისს ტელეკომპანია „ტვ პირველის-ის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია. შსს-მ საქმის გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას, რამდენიმე დღის წინ - 5 ივლისს, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისის დარბევისას ძალადობრივი ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ლაშქარავას დაუდგინდა ტვინის შერყევა და სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. მას შესაბამისი ოპერაციაც ჩაუტარდა.

"აღნიშნულ მოვლენას, ულტრამემარჯვენე პრორუსულმა პლატფორმამ „ალტ-ინფომ“, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო, სპეციალური ეთერი მიუძღვნა. გადაცემაში წამყვანებმა რამდენჯერმე გააჟღერეს საკუთარი პოზიცია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების უკან ე.წ. „ლიბერალური ძალა“ დგას, რომელსაც ამ ტრაგედიით საზოგადოების გრძნობებით მანიპულირება და სახელმწიფოს გადატრიალების გამოწვევა სურს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, შოთა მარტინენკო ამბობს: „არსებობს ძალიან დიდი ეჭვი იმაზე, რომ აქ ჩვეულებრივი, მიზანმიმართული ნაბიჯები გადაიდგა საკრალური მსხვერპლი რო მიეღოთ ამათ და არაა გამორიცხული და დიდი შანსია იმისა, რომ ჩვეულებრივ იმოქმედეს იმსთვის, რომ ეს ადამიანი დაღუპულიყო და შემდეგ, ამაზე აეწიათ ისტერიკა“. მიუხედავად იმისა, რომ 45 წუთიანი გადაცემაში რამდენჯერმე ახსენეს, რომ მათი პოზიცია შეფასებითი იყო და კონკრეტული არგუმენტები არ გააჩნდათ, ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში ლიბერალური ძალების დადანაშაულება გადაცემის მთავარ სათქმელს წარმოადგენდა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის, მის ცხედარის ექსპერტიზა უტარდება. შესაბამისად, „ალტ-ინფოს“ მიერ გაჟღერებული მტკიცებები, რომ ლექსო ლაშქარავა ე.წ. „ლიბერალურმა ძალებმა“ მოკლეს და ამ ტრაგედიით ცდილობენ სახლემწიფო არეულობის გამოწვევას, კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს.

კონსპირაციის გასამყარებლად გადაცემის მონაწილეები პარალელს ავლებენ ჯორჯ ფლოიდის საქმესთან. ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში პოლიციის მიერ მოკლული ადამიანია, რომლის სიკვდილსაც რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები მოჰყვა. გადაცემის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ფლოიდი მოკლა არა პოლიციელმა, არამედ ის გულის უკმარისობით გარდაიცვალა. საყურადღებოა, რომ გულის უკმარისობა, სწორედ პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებამ და არაადმაინაურმა მოპყრობამ გამოიწვია. ამასთან, 2021 წლის მაისში მინესოტის სასამართლომ 4 პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკლველობაში დამნაშავედ ცნო",– ასკვნის "ფაქტ–მეტრი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები