მეუფე ანტონი: „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ?!“

11-07-2021 21:03:19 ციტატა

"რაიო? შეურაცყობილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა , რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა... მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს..."

წერს მეუფე ანტონი სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები