„სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური მონაცემები იმ პირების მხრიდან ვრცელდება, რომელთაც მსგავს მასალებზე ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ“
12/07/2021 06:22:40 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ:
„ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. გამოძიება თვიმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.


