
კაპანაძე ამერიკელი პარტნიორების განცხადებით შეშფოთებულია
25/07/2019 11:44:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის შეფასებით, TBC ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაობაზე ამერიკელი პარტნიორების განცხადებები შემაშფოთებელია. კერძოდ, კაპანაძის განმარტებით, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას ნათელი გზავნილი მისცა, რომ მიუღებელია ის, რაც საქართველოში ხდება.
„იშვიათად ხდება, როცა ასეთი მკაფიო არის ამერიკის გზავნილი. მაიკ პომპეოს განცხადება გვახსოვს, რომელიც ასევე ძალიან მკაფიო გზავნილი იყო. ეს გზავნილი ხელისუფლების ძალიან სწორად და ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული. გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, მას პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების რეჟიმი აქვს, პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო, ხაზარაძე-ჯაფარიძის დევნაზე გადავიდა და მიაჩნია, რომ ამგვარად ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგძლივებს, ოღონდ, მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვერც ამ მიზანს მიაღწევს და უკიდურესად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და დემოკრატიული განვითარების მომავალს, რაზეც ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის კონტექსტსა და დროის გარემოებებთან დაკავაშირებით შეშფოთება გამოთქვა:
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.
მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.
ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.