რუსთაველზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა
12/07/2021 13:53:37 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინდელის მსგავსად „ყვითელი ავტობუსები“ დგას დღესაც – ტერიტორიაზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, აქცია პარლამენტთან ამ წუთებში იწყება. რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


