აფხაზეთში შესაძლოა, ინტერნეტი გათიშონ

13-07-2021 10:31:29 კონფლიქტები

აფხაზეთში ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებრ წყვეტას შესაძლოა, ინტერნეტის გათიშვაც მოჰყვეს.

ღამით ინტერნეტ-ქსელის რამდენიმე საათით გათიშვის ინიციატივა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ "პრეზიდენტ" ბჟანიასთან თათბირზე გააჟღერა და განმარტა, რომ კრიპტოვალუტას უკანონოდ უმთავრესად სწორედ ღამის საათებში მოიპოვებენ, ინტერნეტის გარეშე კი ეს შეუძლებელი გახდება.

«უკანონო მაინინგის თემა არაერთგზოს განგვიხილავს. ბევრი რამ, რაც დავგეგმეთ მასთან საბრძოლველად, უკვე რეალიზებულია, თუმცა ეს აშკარად არასაკმარისი აღმოჩნდა" - აღნიშნა მან.

როგორც თათბირზე აღინიშნა, კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და ამაზე სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რაიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებსაც ეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა.

"ვის რაიონშიც კრიპტოფერმები გამოვლინდება, შეუძლიათ, თავად დაწერონ განცხადება გადადგომის თაობაზე" - განაცხადა "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის: მარტო 4-12 ივლისის პერიოდში აფხაზეთში 2450 მაინინგ-აპარატი აღმოაჩინეს, მათგან 1816 დემონტირებულია და დასაწყობებული.

უკანონო მაინინგმა აფხაზეთის ენერგოკრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა და დამატებითი საბაბი მისცა რუსეთს, "აფხაზეთის ენერგოსისტემაში რუსული ინვესტიციების განხორციელებისთვის ადგილობრივი კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაზე" ისაუბროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები