ბრიტანეთში რუსეთიდან მართული კიდევ ერთი ნეონაცისტური დაჯგუფება აიკრძალა

13-07-2021 11:31:54 ევროპა

ბრიტანეთის შს მინისტრმა ფრითი პატელმა კანონგარეშედ გამოაცხადა ნეონაცისტური დაჯგუფება "The Base" ("საფუძველი"), რომლის ხელმძღვანელი გარკვეული დროის წინ აშშ-დან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და ორგანიზაციას იქიდან მართავს.

მინისტრმა ამ ორგანიზაციის წევრებს "თეთრი რასის ზეობის ბოროტი მომხრეები" უწოდა.

BBC-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოააშკარავა, როგორ ხელმძღვანელობს რუსეთის მოქალაქეზე დაქორწინებული და აშშ-დან რუსეთში გადაბარგებული ნაზარრო ამ დაჯგუფებას სანქტ-პეტერბურგიდან.

2018 წელს დაფუძნებულ "The Base"-ს თავის მიზნად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ტერორისტული დაჯგუფებების შექმნა აქვს გამოცხადებული, რათა რასობრივ საფუძველზე შუღლი გააღვივოს და ფაშისტური მონოეთნიკური სახელმწიფოები ჩამოაყალიბოს.

ეს რიგით მეხუთე დაჯგუფებაა, რომელზეც ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ბრიტანული კანონმდებლობა გავრცელდება. მისი წევრობა ან მხარდაჭერა ტერაქტში მონაწილეობას გაუთანაბრდება და 14-წლიანი პატიმრობით დაისჯება.

ჰოუმ-ოფისის შეფასებით, დაჯგუფება ინაწილებს თავის მიზნებსა და იდეოლოგიას ე.წ. ატომვაფენის დივიზიასთან (Atomwaffen Division), რომელიც ასევე "ეროვნულ-სოციალისტური წესრიგის" (National Socialist Order) სახელითაა ცნობილი და ბრიტანეთში მიმდინარე წლის დასაწყისში აიკრძალა.

გასული წლის ნოემბერში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ნაზარროსთან ჩაწერილი ინტერვიუ უჩვენა, - აღნიშნულია BBC-ს პუბლიკაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები