
"ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები"
13/07/2021 15:50:18 კონფლიქტები
"ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, ამასთან დაკავშირებით შედგა ძალიან ინტენსიური დისკუსია, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“,- განაცხადა ანთაძემ.
სუს–ის ცნობით, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება".
შეხვედრაზე ასევე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
ასევე, აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021 წლის 27 სექტემბერი განისაზღვრა.