ევროკომისიამ მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დახმარების პირობითობა შეახსენა

14-07-2021 11:01:15 პოლიტიკა

ევროკომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დახმარების პირობითობა შეახსენა.

კერძოდ, ევროკომისიის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ამან [დანიშვნის პროცესი] შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

„12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა, მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით. დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად, უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეს–სპიკერის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები