რუსული დეზინფორმაცია კვლავ ეთნიკურ საკითხებზე აქცენტირებს
14/07/2021 13:03:03 სამართალი
რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კრიტიკოსთა შორის რუსეთიც აღმოჩნდა. საუბარია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ანგარიშზე, რომელიც 43 ქვეყანას ეხება, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მოიცავს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სახელმწიფოებს: საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მომზადებულ 6–გვერდიან ანგარიშში ყველაზე ვრცელი თავი ეთნიკურ და რელიგიურ თემებს ეხება. მაგრამ საყურადღებოა, რომ პრობლემურ საკითხებთან ერთად, რომლის შესახებაც საქართველოში აქტიურად მსჯელობენ, ცალსახა დეზინფორმაციაცაა მოწოდებული:
- „სომხური თემი უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში აყენებს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის საკითხს, ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები კი ფართო წარმოდგენილობას მოითხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სადაც ყველა ძირითად თანამდებობას ქართველები იკავებენ. თუმცა მათი მოწოდებები უპასუხოდ რჩება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მათ სეპარატისტულად მიიჩნევს. გარდა ამისა, ქართულ მედიასაშუალებებში გახშირდა თავდასხმები სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე“.
- „უმცირესობები ექვემდებარებიან დევნას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განდევნას“.
- ანგარიშის ავტორები, ისევე როგორც კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი და ზოგადად, რუსული პოლიტიკური ელიტა, კრემლის პოლიტიკისადმი ქართული საზოგადოების მიუღებლობას რუსოფობიად წარმოაჩენენ.
პროგრესი, ვიდრე რეგრესი
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი გვახსენებს რუსული პროპაგანდის ტაქტიკას, რეალურ ფაქტებს შეურიოს ტყუილი და „სიმართლედ“ შესთავაზოს საზოგადოებას. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ის ანგარიშში მოწოდებულ ზემოთ ხსენებულ ამონარიდებს.
„დიახ, ზოგადად ინტეგრაციის თვალსაზრისით არის პრობლემა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ არანაირი ორგანიზებული, სერიოზული საზოგადოებრივი ან პოლიტიკური დაჯგუფებები არ არსებობენ ჯავახეთში, რომლებიც საქართველოში ავტონომიას ითხოვდნენ. ამაზე 90–იანი წლების დასაწყისში იყო საუბარი. თუ ახლა ვინმესგან პერიოდულად ისმის, ისინი არ წარმოადგენენ მეინსტრიმულ ჯგუფს, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმაცია, ჯავახეთის მოსახლეობის სახელით ისაუბრონ.
რაც შეეხება ქვემო ქართლს, იმის თქმა, რომ ყველა თანამდებობა ქართველებს უკავიათ, ტყუილია, ბოლოს და ბოლოს, შეეძლოთ, გაერკვიათ, ვინ არის დღეს მაგალითად, მარნეულის მერი და ვინ არიან ცალკეული თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტში. ამდენად, ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი შეფასებაა.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში დევნას და ქვეყნიდან განდევნას ექვემდებარებიან უმცირესობები, ამის სერიოზული კომენტირება შეუძლებელია. ეს უბრალოდ ტყუილია.
ხოლო ის, რომ საქართველოში არ უყვართ რუსეთის ხელისუფლება, ეფუძნება იმას, რომ ის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს და უცნაურიც იქნებოდა, სხვაგვარი მიდგომა. ერთია პოლიტიკის მიუღებლობა, მეორე – რუსეთის რიგითი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც უცნაურად კეთილგანწყობილია და ბევრს უკვირს კიდეც“,– ამბობს „აქცენტთან“ კანაშვილი.
კონფლიქტოლოგი ინტეგრაციის თვალსაზრისით ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ბოლო წლებია, აქტიურად მიდის ინტეგრაციის პროცესი – გაიზარდა სოციალური, კულტურული კავშირები. მართალია, სერიოზული პრობლემები რჩება, მაგრამ არის პროგრესი, ვიდრე – რეგრესი“.
მიზანი
კონფლიქტოლოგის დაკვირვებით, მიზანი საქართველოს წარმოჩენაა, როგორც შეუმდგარი, აგრესიული სახელმწიფოსი, ადრესატი კი სამხრეთ კავკასიური საზოგადოებაა.
„ანგარიშზე დაყრდნობით იქმნება ინფორმაციული საბაბი, რომ ეს თემები იყოს განხილული იგივე სომხეთში, აზერბაიჯანში. ვინც ანგარიშს კრიტიკული პოზიციიდან აანალიზებს, მისთვის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ყველა არ აკვირდება, თუ ვისგან მოდის ინფორმაცია. კრიტიკა შეიძლება მოვისმინოთ დასავლური ორგანიზაციებიდან, ქვეყნებიდან, მოგვცენ რჩევები, პროცესში დახმარება შემოგვთავაზონ და გვეხმარებიან კიდეც, ხოლო რუსული ანგარიში გასაგებია, რომ საპირისპირო მიზანს ემსახურება. სხვათა შორის, როდესაც კრემლს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, ისინი ხშირად მიმართავენ ტაქტიკას, რომელიც სამწუხაროდ, მუშაობს: წამოწევენ ხოლმე გარკვეულ თემებს და ცდილობენ დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშნის დასმას. ეს ტაქტიკა მოქმედებს, რადგან კონტექსტი ბევრმა არ იცის: პოლიციამ კონკრეტულ სიტუაციაში ძალას შესაძლოა, ყველგან გადაამეტოს, მაგრამ როგორ რეაგირებს სახელმწიფო, საზოგადოება, მთლიანობაში საითკენ მიდის პროცესი – ადამიანის უფლებების მეტი დარღვევისკენ, თუ პირიქით? სამწუხაროდ, ეს კონტექსტი ხშირად არ ესმით ადამიანებს“.
"საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე კი „აქცენტთან“ სწორედ იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რომელი ქვეყნები არ ხდებიან ხოლმე რუსული პროპაგანდის სამიზნენი:
„რუსული პროპაგანდა არ „ურტყამს“ ქვეყნებს, რომლებიც, განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკურ ასპექტში, რუსეთის მოთხოვნებს ითვალისწინებენ. ამ ქვეყნების ჯგუფს საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ მივეკუთვნებით. ამდენად, კარგია, რომ რუსეთი გვაკრიტიკებს – ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ ამ არგუმენტით თავის დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს: კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის კუთხით მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა რომ არაა, ბოლო დღეების მოვლენებმაც აჩვენა. სამწუხაროდ, ჩვენს მოცემულობაში ძალიან რეალისტურია პროგნოზი, რომ ეს შაბლონური "მესიჯები", რომლებიც ძირითადად ცილისმწამებლურია, რეალობად იქცეს. იმ დროისთვის ჩვენ აღარ ვიქნებით იმ ჯგუფის წევრები, რომელთაც რუსეთი აკრიტიკებს, შესაძლოა, მსგავს ანგარიშებშიც აღარ მოვხვდეთ, მაგრამ გაგვაკრიტიკებენ ჩვენი მეგობრები და ეს გაცილებით საგანგაშო იქნება“.


