ქართულმა მხარემ ოსურს ვ. გობოზოვი გადასცა

14-07-2021 18:57:17 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე გაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ოსურს მოქალაქე ვ. გობოზოვი გადასცა.

«იგი უკვე სამხრეთ ოსეთშია. დღევანდელ შეხვედრაზე ვ. გობოზოვმა უდიდესი მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მას პატიმრობისას უჭერდა მხარს», – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

"სამინისტროს" ინფორმაციით, "ვ. გობოზოვი ქართველმა სპეცსამსახურებმა ზემო ლარსზე გაიტაცეს და ამ დრომდე პატიმრობაში ამყოფებდნენ».

დღესვე, ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა ბიბილოვის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის "შეწყალების" თაობაზე. ოსური დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, შეწყალების თხოვნით ანატოლი ბიბილოვს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიმართა.

«პატრიარქ კირილის მომართვის საპასუხოდ ანატოლი ბიბილოვმა კომპეტენტურ ორგანოებს ზაზა გახელაძის ვ. გობოზოვში გადაცვლის საკითხის დამუშავება დაავალა, გაითვალისწინა რა ამ უკანასკნელის ნათესავების მრავალჯერადი მომართვები მის გათავისუფლებაში დახმარების თაობაზე. პატრიარქ კირილის შუამდგომლობისა და ჰუმანური მოსაზრებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ზაზა გახელაძის შეწყალების შესახებ, რითაც განახორციელა კეთილი ნების ჟესტი იმ კანონდამრღვევის მიმართ, რომელმაც დანაშაული მოინანია. აღსანიშნავია, რომ პატიმარმა ზ. გახელაძემ ანატოლი ბიბილოვის სახელზე შეწყალების თხოვნა პირადად დაწერა, ჩადენილი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა და ოსურ ხელისუფლებას ჰუმანური მოპყრობისთვის მადლობა გადაუხადა», – ირწმუნება დე ფაქტო საგარეო უწყება.

ცნობისთვის: პატრიარქ კირილს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით ივნისის ბოლოს საქართველოს საპატრიარქომ მიმართა.

ზაზა გახელაძე ქართულ მხარეს დღეს, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე უნდა გადმოეცეს.