რა მანძილი დარჩა სანქციებამდე?

14-07-2021 19:01:59 პოლიტიკა ,ანალიზი

სანამ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიასა და სამოქალაქო სექტორს “სახელმწიფოებრიობის, ეკლესიისა და დემოკრატიის შერყევის მცდელობაში” ადანაშაულებს, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები როგორც ჩანს, მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეგნებამდე მიღწევას ცდილობენ. ევროკავშირის ქვენების ელჩებმა შსს-ს ხელმძღანელობასთან შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვნად ჩათვალეს, ვახტანგ გომელაურთან საუბრის საკვანძო მომენტები სოციალურ ქსელებში თავადაც წარმოედგინათ.

„შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ღრმა შეფოთება გამოვთქვი 5 ივლისს აქტვისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა Tbilisi Pride-ის მონაწილეთა არასაკმარისი დაცვის გამო. ჩვენ მოვუწოდეთ შსს-ს, აიღოს ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის – ლგბტ თემის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, მოწყვლადი უმცირესობები“, – დაწერა Twitter-ში ნიდერლანდების ელჩმა მმაიკე ვან კოლდამმა.

ანალოგიური შეფასება ჰქონდა საფრანგეთის ელჩს. დიეგო კოლასმა თითქმის სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ჰოლანდიური დიპმისიის ხელმძღვანელის განცხადება:

“შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჩვენ დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება 5 ივლისს თბილისში წესრიგისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, სადავო განცხადებების კეთების ნაცვლად, დაადასტუროს თავისი ვალდებულებები ყველას, მათ შორის მედიის, უმცირესობების, ლგბტ-თემის წარმომადგენლების დაცვის კუთხით“.

მმართველი გუნდის ჯიუტი მცდელობის ფონზე, შესთავაზონ საზოგადოებას ვერსია, “ხელისუფლებამ და საკუთრივ პოლიციამ შესაძლებელზე მეტიც კი გააკეთეს და დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები დემოკრატიულ მთავრობას მხარს უჭერენო”, განსხვავებული განწყობა იგრძნობა ევროპარლამენტშიც.

"საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა და წარმატებას, ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველმა უმრავლესობამ მტკიცედ და უკვე დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ ის.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი მიზანში იყო ამოღებული და სცემეს აქციაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.

ჩვენ მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ბატონი ლექსოს გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული.

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიშვიდე და თავშეკავება, არ წამოეგონ პროვოკაციებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

მედიის და გამოხატვის თავისუფლება არის ევროპული ფასეულობები და ის დაცული და გარანტირებული უნდა იყოს", - ნათქვამია ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენის განცხადებაში.

როგორ უნდა მოქმედებდეს დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება, “ქართულ ოცნებას” ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა შეახსენა ასევე Twitter–ის მეშვეობით:

„ჟურნალისტებზე, ტურისტებზე და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე თავდასხმები დაგმობას იმსახურებს. ვლოცულობ ბ-ნი ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის, ძალადობის ჩამდენნი უნდა დაისაჯონ. კანონის უზენაესობა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა მხარესაა და არა მოძალადე კრიმინალების. საქართველომ მეტს უნდა მიაღწიოს“.

„ქართული ოცნების“ ვერსიის, რომ როგორც ლგბტ თემის, ისე მოძალადეების უკანაც მმართველი გუნდის ოპონენტები იდგნენ, როგორც ჩანს არც ევროკავშირში სჯერათ და ხელისუფლებას შეახსენებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე:

"ძალიან სამწუხაროა ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ, განსაკუთრებით კი ოპერატორის გარდაცვალება. მნიშვნელოვანია, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ნათლად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად იქნეს გამოძიებული. საქართველომ თავად გააკეთა ევროპული ღირებულებების გატარებაზე განაცხადი და შესაბამისადაც უნდა იმოქმედოს: ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, იმის მიუხედავად, ეკუთვნიან თუ არა ისინი ეთნიკურ, ენობრივ, ეროვნულ, გენდერულ თუ სექსუალურ უმცირესობას, გარანტირებული და დაცული უნდა იყოს. ევროკავშირი განვითარებულ მოვლენებს მხედველობაში მიიღებს ორმხრივი დიალოგების ფარგლებში",– თქვა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ.

სახელმწიფო დეპარტამენტში კი მართალია, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, მაგრამ სიტყვა „სანქციებმა“ გაიჟღერა.

"წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით",– განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ რადგან საკითხი ბრიფინგზე საჯაროდ გახმოვანდა, კიდევ უფრო ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა – ვაშინგტონში მთავრობასა და საქართველოს საელჩოს შორის, ხოლო თბილისში, აშშ–ის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის. „მე ამ მთავრობისთვის უფრო საგანგაშოდ ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები მიმაჩნია, რომელიც 5 ივლისს გაკეთდა: აქ აშკარად ჩანს, რომ აშშ–ს საქართველოს მთავრობასთან პრეტენზიები აქვს და ეს პრეტენზიები, როგორც ჩანს, გუშინ არ დაწყებულა – მანამდე გვახსოვს განცხადებები მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ პრაისის პრესკონფერენციას და სანქციების ხსენებას, არ მგონი, ეს მარტივად მოხდეს. სანქციებამდე ცხადია, იქნება კომუნიკაცია მთავრობასთან, გაფრთხილება და ა.შ. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობის თვითგადარჩენის ინსტინქტი საქმეს აქამდე არ მიიყვანს“.

საქართველოს მთავრობას პრობლემები სხვა მიმართულებითაც აქვს: მიუხედავად გაცემული პირობისა, შეთანხმებაზე ხელმოწერისა, არაერთგზის გაფრთხილებისა და მოწოდებისა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეაჩერა, პასუხად კი ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი შეახსენეს.