ოსური მხარისთვის გადაცემული ვადიმ გობოზოვი განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული

15-07-2021 13:53:00 კონფლიქტები

14 ივლისს ზაზა გახელაძის სანაცვლოდ ოსური მხარისთვის გადაცემული ვადიმ გობოზოვი განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული.

საქმე გასული წლის სექტემბერში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხება. მაშინ 39 წლის ალან მუზაშვილმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 64 წლის ალიკ გობოზოვს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, გობოზოვის ვაჟმა - რუსეთის 40 წლის მოქალაქე ვადიმ გობოზოვმა კი საპასუხოდ ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მამამისზე თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაჭრა, - იუწყებოდა მაშინ რუსული მედია.

თავის მხრივ, საქართველოს შსს-ში მაშინ საქმის სსკ-ის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრვის თაობაზე განაცხადეს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვადიმ გობოზოვი წინასწარ პატმრობაში იმყოფებოდა. მის საქმეს გორის საქალაქო სასამართლო განიხილავდა. როგორც პორტალი Qartli.ge წერს, ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოითხოვეს და ივნისის თვის მდგომარეობით, მიმდინარეობდა მათი შერჩევა.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების თანახმად, გობოზოვი "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა", რომელიც გასული წლის სექტემბერში "ნეიტრალური ტერიტორიიდან, ზემო ლარსიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო გატაცებული და პატიმრობაში იმყოფებოდა».

ცხინვალის ვერსიით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძის გათავისუფლება და გობოზოვში გაცვლა "სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის შუამდგომლობითა და ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე" გადაწყვიტა.

გათავისუფლების შემდეგ გობოზოვი ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს შეხვდა და მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ზაზა გახელაძის გათავისუფლების დეტალებსა და ოსური მხარისთვის გობოზოვის გადაცემაზე საუბარს თავს არიდებს.

ცნობისთვის: გასულ წელს დაკავებული 34 წლის ზაზა გახელაძე ცხინვალის იზოლატორიდან 14 ივლისს გაათავისუფლეს. მას ოსური სასამართლოს მიერ "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა" და "სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებზე თავდასხმის" ბრალდებით 12,5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები