
დაბა მესტიის ძირითადი ნაწილი ამ დრომდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი
26/07/2019 04:20:12 სხვა, რეგიონები
მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ მდინარე მესტიაჭალას ადიდების შედეგად დაბა მესტიის ძირითადი ნაწილი ამ დრომდე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია 10–მდე მანქანა. ასევე დაზიანდა „მესტიაჭალა ჰესის“ ინფრასტრუქტურა.
მდინარის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის, ტერიტორიასთან მყოფი ტურისტები კი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ცნობისთვის: გუშინ ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ „მესტიაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორია დატბორა. გუშინვე „მესტიაჭალა ჰესის“ მფლობელმა კომპანიამ „სვანეთი ჰიდრო“ განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.
„დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოჰყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.
კომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური დაიწყებს მესტიაჭალა ჰესი 1-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021