ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერების სახლებში პოლიცია ძალადობრივი მოვლენებიდან 11 დღის შემდეგ შევიდა
16/07/2021 07:39:52 სამართალი
ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერების გურამ ფალავანდიშვილის და ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. მახარაძე „ალტ ინფოს“ ერთ–ერთი დამფუძნებელია, რომლის მეშვეობითაც ძალადობრივი მოწოდებები ვრცელდებოდა. არსებული ინფორმაციით, მახარაძე გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
შსს–ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.
ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად "რუსთავი 2-მა" გაავრცელა. ჟურნალისტებს პოლიციელები კვლავ ადგილზე დახვდნენ, თუმცა უცნობია, დასრულდა თუ არა პროცესი და რას მიაკვლიეს პოლიციელებმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩხრეკა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 11 დღის შემდეგ გადაწყდა. სავარაუდოდ, ჩხრეკა სწორედ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა, რომლის ავანგარდშიც მედია იმყოფება, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ოგანიზატორების პასუხისმგებაში მიცემაა. ამ კონტექსტში სახელდება, მათ შორის, მახარაძე.


