თბილისში საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცს ყიდდნენ
16/07/2021 11:33:28 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ხორცის სახით.
სასაკლაოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი, სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ვირის ნარჩენები და დასაკლავად განკუთვნილი ორი კვიცი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1971-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს .
„გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.


