გაგნიძე დაკითხვის შემდეგ ამბობს, რომ პოლიციამ რამდენიმე მისამართიდან იარაღი ამოიღო
16/07/2021 13:47:19 სამართალი
ქართული მისიის" დამფუძნებელი რამაზ გაგნიძე ამბობს, რომ დღეს პოლიციამ არაერთ სახლში ჩაატარა ჩხრეკა "ჟურნალსიტების გულის გასახარად" და რამდენიმე მათგანიდან ამოიღო იარაღი.
ამასთან, გაგნიძეს თქმიტ, იარაღის მეპატრონეებს აღნიშნული ნივთის ტარების უფლება ჰქონდათ, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ პოლიციას დანაშაულის კვალი არ უპოვია.
მისივე თქმით, გამოძიება ძალადობის ორგანიზების მიმართულებით მიმდინარეობს.
"გამოძიება ძალადობის ორგანიზების მიმართულებით მიდის. მკითხეს, ვარ თუ არა ძალადობის მომხრე? რატომ მოხდა ძალადობა? ჩემი აზრით, რატომ მოხდა ფიზიკური ძალადობა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური, პროვოკაციული ძალადობის წინააღმდეგი. თქვენ ახორციელებდით ფსიქოლოგიურ ძალადობას და ამ ფსიქოლოგიურმა ტერორმა გამოიწვია ფიზიკური ძალადობა.
არ ვიცი რატომ გაჩნდა ჩემს მიმართ კითხვები. მე არსად მიძალადია, არც ერთ ჟურნალისტთან, ოპერატორთან კონფლიქტური სიტუაცია არ მქონია" - განაცხადა გაგნიძემ გამოკითხვის შემდეგ, სადაც ის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
რამაზ გაგნიძის თქმით 5 ივლისს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას მომხდარი ძალადობრივი ფაქტებს ერთი ორგანიზატორი არ ჰყოლია.
"მასშტაბური ძალადობის ორგანიზებას ჩვენ ნუ გავუსვამთ ხაზს. ეს იყო პატრიარქის და მეუფეების კურთხევით ორგანიზებული. ძალადობას არ ვეთანხმები. არ არსებობდა მასშტაბური ძალადობის ორგანიზება. ორგანიზატორი იყო ქართველი ხალხი. ჟურნალისტები, ოპერატორები და ტელევიზიები არ იღებთ პასუხისმგებლობას, ფსიქოლოგიურად რომ ძალადობდით? თქვენ ძალადობდით ფსიქოლოგიურად და ტერორში გყავდათ სახლი. მე და გია კორკოტაშვილი ვიჯექით პირველ სკოლასთან, ვინც დამინახა იქ, ახსოვს კარგად, კონკრეტულად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე" - ამბობს რამაზ გაგნიძე.
დღეს დილიდან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს პირებთან, რომლებიც 5 ივლისს ჰომოფობიური აქციის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული.
მოძალადე ჯგუფების საინფორმაციო ინტერნეტპლატფორმა "ალტ-ინფო" ავრცელებს იმ პირთა სიას, რომლების გამოკითხვაც პოლიციის მიერ დღეს მიმდინარეობს:
· ზურა მახარაძე
· შოთა მარტინენკო
· ირაკლი ყიზილაშვილი
· კონსტანტინე მორგოშია
· გიორგი ქარდავა
· თემურ ბოკელაძე
· რამაზ გაგნიძე
· ბექა ბერიშვილი
· ლევან ჩაჩუა
· გიგა გიმზერიძე
· ონისე ბრეგვაძე
· ელგუჯა იაშაღაშვილი
· გიორგი მახარაშვილი
· ონისე ბერაძე
· ბექა ბრეგვაძე
· ზურა არველაძე
· ალექსანდრე ფალავანდიშვილი
· გურამ ფალავანდიშვილი
თავად შსს–ს დეტალებზე არ უსაუბრია.
5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.


