რა დაადგინა "ტვ პირველის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ ლექსოს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით
17/07/2021 17:18:31 სამართალი
"ტვ პირველის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში არსებული 11 ვიდეოდან თარიღი არც ერთზე არ არის, მაშინ, როდესაც თარიღს სათვალთვალო კამერა ჩვეულებრივ შემთხვევაში ზუსტად აღრიცხავს.
"04:30 საათზე ლექსო ლაშქარავას დედამ შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა, რის შემდეგაც 112-ში ზარი განახორციელა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე მისულ 2 პოლიციელს არ დაუწყიათ. გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი ზემდგომების მითითებებს ელოდნენ. პირველი საგამოძიებო მოქმედება 09:15 წუთზე დაიწყო, 112-ში პირველი ზარის განხორციელებიდან 3 საათის შემდეგ. ცხედრის გატაცების სპეცოპერაციის დამგეგმავმა, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვარლამ მალანიამ ლაშქარავას სახლიდან "ტვ პირველის" თანამშრომლების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ლექსო ლაშქარავას დედის თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები მას შვილის გარდაცვალების ვერსიებს აცნობდნენ და ერთ-ერთ ვარიანტად მოწამვლის ვერსია უთხრეს.
ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე 11 ივლისს 11 საათზე გადაასვენეს. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ექსპერტიზის ბიუროში 3 საათამდე არ შეუშვეს. ოჯახის ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ამ დროის მანძილზე ცხედარზე რაიმე სახის მანიპულაცია ჩატარებულიყო.
მეორე დღესვე შსს-მ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას შესთავაზა ლექსოს გადაადგილების კადრები, სადაც დროები მონტაჟის საშუალებით არის დაწერილი. არც ერთ ვიდეოს არ აქვს თარიღი. ერთ-ერთი ვიდეოკადრების მფლობელი ლექსოს მეზობელი კერძო პირია, რომელიც ადასტურებს, რომ მისი კამერა თარიღს და დროს აფიქსირებს. ჩნდება კითხვა, რა ინტერესი ჰქონდა შსს-ს, კადრები ისე მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, რომ მისი რეალური დრო წაშლილი ყოფილიყო.
ლექსო ლაშქარავას დედა თინათინ კახიძე ამბობს, რომ მის შვილს 10 ივლისს სხვა ტანსაცმელი ეცვა.
შსს-ს ვერსიას ეწინააღმდეგება ის ფაქტიც, რომ აფთიაქში, რომელშიც თითქოს ლექსო ლაშქარავამ ფსიქოტროპული საშუალებები იყიდა, სინამდვილეში მსგავსი მედიკამენტები არ იყიდება", – იუწყება "ტვ პირველი".
ცნობისთვის: ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს. 13 ივლისს იგი ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. იგი უკანასკნელ გზაზე, მათ შორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, ექიმებმა, ხელოვანებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა ტაშით გააცილეს.
ლექსო ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე (ორ პარაკლისზე –1სთ–ზე და 5 სთ–ზე) მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.
შსს–ში აცხადებენ, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.
"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– აცხადებენ შსს–ში.
"ტვ პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.


