5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
18/07/2021 07:49:01 სამართალი
სამართალდამცველებმა 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
შსს–ს ცნობით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა, 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.


